“ენგურჰესზე“ ტურისტული საიტი მოეწყობა

20/09/2016

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ენერგეტიკის მინისტრთან ილია ელოშვილთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეწვია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით და სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში ენგურის კაშხლის მიმდებარედ დაგეგმილია ტურისტულად მიმზიდველი კულტურული საიტის მოწყობა, მუზეუმითა და ვიზიტორთა ცენტრით.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მინისტრებს ძეგლის განვითარების კონცეფცია წარუდგინა, რომელიც ესტონელი ექსპერტების – ოტტ სარაპუუსა და ანდრიუს კირესაარის დახმარებით შემუშავდა.
მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესის დიდი ნაწილი აფხაზეთის მხარეს ეკუთვნის, რაც შესაბამისი დიალოგის შედეგად, შესაძლოა საერთო მსჯელობის საგანი გახდეს – სათანადო კეთილმოწყობისა და დოკუმენტალურად მომზადების შემთხვევაში, ენგურჰესის უნიკალურ კაშხალს უდიდესი პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ მომავალ წლებში თავისი კუთვნილი ადგილი UNESCO- ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაიკავოს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 სექტემბრის დადგენილებით მიენიჭა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0