ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე საქართველოში უკვე მეოცედ აღინიშნა. წელს ენერგეტიკოსთა დღე, რომელსაც დარგის წარმომადგენლები დაესწრნენ, „გარდაბანი თბოსადგური -2“-ის ტერიტორიაზე გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა როგორც ენერგეტიკის სფეროში, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
„ელექტროენერგიის წარმოება და ენერგეტიკის სფერო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში – ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკის სფეროს წარმატებასთან. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ეკონომიკის ამბიციურ გეგმებზე, მიღწევებზე, შედეგებსა და ამოცანებზე, ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება წარმატებულ ენერგეტიკულ დარგს, რადგან ყველა დარგი პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკის სფეროსთან“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დარგში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებზე პრეზენტაცია გააკეთა და ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა მინისტრის მოადგილემ რომეო მიქუტაძემ.
„პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა ენერგეტიკოსს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში დარგს უვლიან, რათა ქვეყანაში იყოს უწყვეტი და ხარისხიანი ენერგომომარაგება. მე დარგთან მაკავშირებს 20-წლიანი ურთიერთობა. ნამდვილად თბილი დარგია – ის ანათებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას, შეაქვს ოჯახებში განვითარება და სითბო – დღეს საქართველოს ენერგეტიკის მიღწევები არა ერთი ან ორი, არამედ ყველა თქვენთაგანის, ყველა ენერგეტიკოსის დამსახურებაა. დიდი მადლობა თქვენ ამისათვის“, – აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.
ტრადიციულად, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო ღვაწლმოსილი და ვეტერანი ენერგეტიკოსების დაჯილდოება, რომელთაც დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო სიგელები გადაეცათ.