ეკონომიკა ჯერ კიდევ პანდემიის „ტყვეობაშია“ და დღეს პანდემიის სწორ მართვაზე გადის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და მოსახლეობის კეთილდღეობა

22/07/2021

„ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები და აქედან გამომდინარე შედეგები დამაიმედებელია. თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ ეკონომიკა ჯერ კიდევ პანდემიის „ტყვეობაშია“ და დღეს პანდემიის სწორ მართვაზე გადის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და მოსახლეობის კეთილდღეობა. ამ მიმართულებით კი, წვლილი თითოეულმა ჩვენთაგანმა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიტანოს. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გამოყოფილი თითოეული თეთრის რაციონალური ხარჯვა, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკონტროლებთ“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს.

მისი თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის დაგეგმილზე მაღალი ტემპით ზრდამ მთავრობას და ფინანსთა სამინისტროს მისცა შესაძლებლობა გადაეხედა 2021 წლის ბიუჯეტისათვის და წარმოედგინა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი. ირაკლი კოვზანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ბოლო თვეების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გათვალისწინებით, დინამიური ზრდა გაგრძელდება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუჯეტის რამდენიმე პარამეტრზე გაამახვილა ყურადღება.

„1.1 მლრდ ლარით (ანუ 6.1%-ით) იზრდება გადასახდელების გეგმური მაჩვენებელი და 19.5 მლრდ ლარს აღწევს. კანონპროექტის მიხედვით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ზრდის (1.1 ლარის) ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 600 მლნ. ლარი, მოდის COVID-19-ის მართვის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ღონისძიებებზე. სულ, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისთვის ბიუჯეტში 6 მლრდ. 93 მლნ. ლარია გათვალისწინებული. სწორედ, ასეთ მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავს მთავრობა მხოლოდ ამ მიმართულებებით“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და დეპუტატებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0