ეკონომიკას ურტყამს არა შეზღუდვები, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება

19/09/2020

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის სტრატეგიული პარტნიორებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო.

„მსურს, კიდევ ერთხელ, თქვენი სახელით, პარლამენტის სახელით, მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, რომლებმაც შეიტანეს წვლილი და გამოხატეს მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვის სისტემის რეფორმების გაძლიერების და განვითარების კუთხით და მონაწილეობა მიიღეს მრავალეროვნულ სწავლებაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს გაიმართა ერთობლივი მრავალეროვნული წვრთნების – „ღირსეული პარტნიორის“ საზეიმო დახურვის ცერემონია.

„ჩვენ გვეამაყება, რომ გვაქვს ღირსეული პარტნიორის სტატუსი და გვეამაყება, რომ ჩვენი ჯარისკაცები თავისუფალი, განვითარებული სახელმწიფოების ჯარისკაცებთან გვერდი-გვერდ გადიოდნენ ამ მნიშვნელოვან სასწავლო-საწვრთნელ პროგრამას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამის შემდეგ, პარლამენტის პლენარულმა სხდომამ მუშაობა დამტკიცებული დღის წესრიგით გააგრძელა. საქართველოს პარლამენტის წინაშე, ინტერპელაციის წესით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წარდგა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ოპოზიციამ, კერძოდ, „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა წერილობითი შეკითხვებით, რაზეც შესაბამისი პასუხებიც მიიღეს. პლენარულ სხდომაზე გიორგი ბოკერიამ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ირაკლი აბესაძემ, სერგი კაპანაძემ, გიორგი კანდელაკმა კიდევ ერთხელ დაუსვეს მინისტრს ის კითხვები, რომლებიც მას ოფიციალურად წერილობით გაეგზავნა. კითხვები ეხებოდა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, კერძოდ, გადასახადების შემცირების მოთხოვნას, პროდუქციის ფასების ზრდის და ლარის კურსის ურთიერთკავშირს, ბიუროკრატიულ ხარჯებს, კოვიდის პირობებში ქვეყანაში შეზღუდვების საკითხს, საზღვარგარეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეების მიერ კარანტინის გავლის სავალდებულობას, დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხს.

ნათია თურნავამ შეკითხვის ავტორების საპასუხოდ განაცხადა, რომ კოვიდ პანდემიის შედეგად საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე დარტყმა მიადგა, მაგრამ ეფექტიანი მართვის შედეგად, რეგიონში ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველია, სადაც დღეს უკვე სახეზეა ეკონომიკის პირველი გაჯანსაღების და აღდგენის ნიშნები. მისი თქმით, ქვეყნის მთავრობამ დროულად მიიღო აუცილებელი ზომები და ამაზე მეტყველებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგიც.

„მიზნობრივი და ეფექტიანი პოლიტიკა ფასდება ერთი საზომით – გადარჩენილი სიცოცხლეებით. იმის გამო, რომ ჩვენ ბევრ სხვა სახელმწიფოზე ადრე მივიღეთ ზომები, საქართველოს აქვს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი,“ – განაცხადა მან.

მისი თქმით, პანდემიის ფონზე მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკა იმის მაგალითია, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი, სადაც ჩანს ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები და კლების ტემპი იქნება -4, -5 პროცენტი.

„ეკონომიკას ურტყამს არა შეზღუდვები, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ვირუსის უკონტროლო გავრცელების დროს საწარმოები ვერ მუშაობენ. დროულად მივიღეთ აუცილებელი ზომები და ამას იზიარებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი. საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოებმა ყველაზე კრიტიკული და კონსერვატიული საზომი უცვლელად დატოვა – ინვესტორებს სჯერათ საქართველოს ეკონომიკური მომავლის“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, პრევენციული ზომების წყალობით, ქვეყანამ მოიგო დრო და დღეს მეტი შესაძლებლობა გაჩნდა, რომ წარმატებით გაუმკლავდეს თუნდაც ინფიცირებულთა შემთხვევების ცოტა უფრო გაზრდილ რაოდენობას.

„დღეის გადმოსახედიდან შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ მყისიერად მიღებულმა ეფექტურმა ღონისძიებებმა, მათ შორის: საზღვრებიდან ვირუსის იმპორტის კონტროლმა, კარანტინების მასშტაბურმა და წარმატებულმა პროგრამამ, ანტიკრიზისულმა დახმარებამ ყველაზე დაზარალებულ სეგმენტებს, დარგებს და მოსახლეობას საშუალება მოგვცა, რომ ჩვენ გაცილებით უკეთ მომზადებული ვყოფილიყავით პანდემიასთან შემდგომი ბრძოლისთვის და თანაცხოვრებისთვის. ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება, რითაც მან მკაფიო მოლოდინი შექმნა და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველო ივლის ერთი მხრივ, ვირუსთან ეფექტური ბრძოლის გზით, მაგრამ მეორე მხრივ, პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური გახსნილობა და მზარდი აქტივობა. ეს ნიშნავს, რომ მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა და ჩვენ გადავდივართ ადაპტაციის პერიოდზე. ჩვენი პრევენციული ზომების წყალობით, ჩვენ მოვიგეთ დრო. გაცილებით უფრო მეტი ცოდნით ვართ შეიარაღებულები, გაცილებით უფრო მეტი სიმძლავრით, მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავუმკლავდეთ თუნდაც ინფიცირებულთა შემთხვევების ცოტა უფრო გაზრდილ რაოდენობას, რაც ასევე იყო იმის შედეგი, რომ ჩვენ მივედით იმ დონეზე, რომ წყნარად გვემართა ინფექცია და ჩაგვეტარებინა საზაფხულო სეზონი შიდა ტურიზმისთვის”, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ უცნობია, წლის ბოლომდე რა გამოწვევის წინაშე დადგება საქართველო პანდემიის გამო, დაუფიქრებელი, წინასწარ დაუთვლელი გადაწყვეტილებებისა და ზომების მიღების დრო არ არის. ასე გამოეხმაურა იგი გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით კითხვას და აღნიშნა, რომ მთვარობის ანტიკრიზისული გეგმა მიზნობრივია და საგადასახადო შეღავათები მათ მიენიჭათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

„ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა ეპიდემიის პირველივე დღეებში მოახერხა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და მეგობარი მთავრობებიდან ფინანსური დახმარების დროულად მობილიზება. ეს რესურსი გვაძლევს ახალ ფინანსურ გამოწვევებთან გამკლავების სტაბილურ შესაძლებლობას. მაგრამ ნებისმიერი რესურსი არის შეზღუდული. ნებისმიერი საგადასახადო შეღავათი დანახული უნდა იყოს, პირველ რიგში, ფისკალურ ჭრილში განსაკუთრებით დღეს, როდესაც თითოეულ ლარს თავისი მიზნობრივი გამოყენება სჭირდება, იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ უცნობია, თუნდაც წლის ბოლომდე რა გამოწვევის წინაშე დაგვაყენებს გლობალური პანდემია, დაუფიქრებელი, წინასწარ დაუთვლელი გადაწყვეტილებებისა და ზომების მიღების დრო არ არის. საბედნიეროდ, დღეს საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ამას ითვალისწინებს და კარგად ესმის“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ანტიკრიზისული გეგმა, მათ შორის საგადასახადო შეღავათების ნაწილში, იყო მკაცრად მიზნობრივი და სწორედ მათ მიენიჭა შეღავათები, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა და თან ისე, რომ არ დაზარალებულიყო ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც წელს დაბალანსებულია საგარეო დახმარების წყალობით: „ესეც, რა თქმა უნდა, ვალია და მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვენიჭება. საშემოსავლო გადასახადი გავუნულეთ 750 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებს, 750-დან 1500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებს საკმაოდ სერიოზული შეღავათი მივანიჭეთ იმ პირობებით, რომ მათი სამუშაო ადგილები შენარჩუნდება. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ სწორედ მიზნობრივად დასაქმების მხარდაჭერა გვინდოდა. რაც შეეხება ქონების გადასახადს, აქაც ყველაზე დაზარალებულ, ტურიზმის ინდუსტრიას საერთოდ მოვუხსენით ქონების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი გადავუვადეთ და ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ შიდა ტურიზმის სეზონი ჩაგვეტარებინა. მთლიანობაში ეს არის გათვლის შედეგი, ამ გზით 300 მილიონამდე დარჩა ეკონომიკაში და ეს ის ციფრია, რომელიც წაადგა ხელფასების გაცემას, ადამიანებს, მაგრამ არ აზარალებს სხვა ძალიან მნიშვნელოვან და ანტიპანდემიურ პროგრამებს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამების ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია „აწარმოე საქართველო“ , რომლის ფარგლებში 34 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა .

„მე ამაყი ვარ, რომ შემიძლია ვთქვა – ბიუჯეტიდან ისეთი ეფექტური პროგრამები ფინანსდებოდა და ფინანსდება, როგორიცაა, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში,“ რომელიც 2014 წლიდან არსებობს – დღესაც, კოვიდის დროს ანტიკრიზისული პოლიტიკის ერთ-ერთ ბერკეტად იქცა, 600-ზე მეტი ქართული საწარმო, მცირე და საშუალო სასტუმროა დღემდე დაფინანსებული,“ – გამაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, 6000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო მიკროგრანტები, უკვე ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც ბიზნესებს საბრუნავი სახსრების შევსებაში ეხმარება. მისივე თქმით, ასევე ძალიან ეფექტური რამდენიმე პროგრამა ხორცილედება, მათ შორის, გაზიფიკაციის 3-წლიანი პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის გაზიფიკაციის დონე 90%-ზე ადის.

„400-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში, სადაც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, არასოდეს ყოფილა გაზი, ჩვენ შეგვყავს ბუნებრივი აირი. ეს არის პროგრამები, რომლებიც ემსახურება 2200 კმ რეაბილიტირებულ გზას, ჩვენს მიერ გაყვანილია 267 კმ. ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი, 218 ახალი 291 რეაბილიტირებული ხიდი და ა.შ.“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ ასევე უპასუხა შეკითხვის ავტორთა დამაზუსტებელ კითხვებს. რის შემდეგაც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ფრაქციების და უმრავლესობის წევრებმა პოზიციები დააფიქსირეს.

ეკა ბესელია: ეროვნული ვალუტის ასეთი გაუფასურება და ასეთი მძიმე მდგომარეობა, რომელშიც არიან ადამიანები, ითხოვს ძალიან სწრაფ პასუხებს, სად არის ის ეფექტი, რომელიც უნდა მოეტანა ანტკრიზისულ გეგმას, რომელსაც უნდა დაეძლია კოვიდის ფონზე მოქალაქეებისთვის მიყენებული უდიდესი ზიანი. ეს არის ნომერ პირველი თემა, რადგან ადამიანები პირდაპირი მნიშვნელობით არიან შიმშილის ზღვარზე და ძალიან დიდი პრობლემა აქვთ ყოველდღიურად ოჯახის რჩენის.

ლევან კობერიძე: არც მოკლევადიან და არც გრძელვადიანზე აღარ ვსაუბრობ, რაღაც კონკრეტული გეგმები, თქვენ მხოლოდ ბიუჯეტში არსებულ თანხებს თქვენი შეხედულებისამებრ ცდილობთ, რომ გადაანაწილოთ და, სამწუხაროდ, ძალიან დიდი ნაწილი ამ თანხების ხვდება არა მოსახლეობასთან, არამედ სახელმწიფო კონიუნქტურასთან შეზრდილ, გარკვეულ ბიზნეს ერთეულებთან, სამშენებლო ბიზნესი იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი მიმართულება. ეკონომიკის მინისტრი უნდა საუბრობდეს არა უბრალოდ, მომიტევეთ, მაგრამ გარკვეულ ბუღალტრულ თემებზე, რომ ამდენი თანხა წავიდა და ა.შ. არამედ გვესაუბრებოდეთ ეკონომიკურ ხედვებზე. ეს უნდა იყოს პოზიციას და ოპოზიციას შორის საუბრის ალბათ ყველაზე მთავარი. კარგი იქნებოდა წარმოგედგინათ თქვენი ხედვა თუნდაც ერთწლიანი, მომავალი წლის სტრატეგიასთან დაკავშირებით, რაც უკვე ბიუჯეტში უნდა აისახოს.

სალომე სამადაშვილი: მოწყვეტილი ხართ რეალობას და მე მგონი, თვითონაც არ გჯერათ იმ ზღაპრების, რომელსაც პარლამენტის ტრიბუნიდან აკადრებთ ოპოზიციას კი არა, ქართველ ხალხს და საქართველოს საზოგადოებას. მინდა შეგახსენოთ, ვის ესაუბრებით. ესაუბრებით იმ ხალხს, სადაც ადამიანების 70%-ზე მეტი ცხოვრობს სიღარიბეში. დღეს საქართველოში 7%-ია მხოლოდ საშუალო ფენა.

თინათინ ბოკუჩავა: 2005 -2006 წლებში, როცა ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყავით, ლარის კურსი იყო 1.8, ახლა როცა მინისტრი ხართ, ლარის კურსია 3.2. მიუხედავად ამისა, თქვენ საქართველოს მოსახლეობას ეუბნებით, რომ ასეთი მყარი არასდროს ყოფილა ლარიო. ქალბატონო ნათია, ამით თქვენ საქართველოს მოქალაქის ინტელექტს აყენებთ შეურაცხყოფას თუ მათ მეხსიერებას?

რომან გოცირიძე: თუ რა მდგომარეობაშია ჩავარდნილი ქვეყანა, აჩვენებს ამ მთავრობის მართვის უნარს, მაგრამ ტელევიზორის პულტის მართვა ალბათ ეცოდინებათ და გადახვევის რეჟიმში დაყენებაც. ქალბატონო ნათია, გადაახვიეთ ერთი, სამი თვის წინ ამ დარბაზში ჩვენ მიერ თქვენდამი გაკეთებული გაფრთხილება და თქვენც გეხებათ ეს დეპუტატებს. გადაახვიეთ და ნახავთ, რომ გეუბნებოდით ეს პროგრამა ანტიკრიზისული კი არ არის, ეს პროგრამა ქვეყანას ჩააგდებს უკიდურეს კრიზისში. აი ამ მდგომარეობაში იმყოფება მთავრობის ხელშეწყობით ხალხი. 5 მლრდ, რომელიც გქონდათ ხელში და დრო, რომელიც ასევე არის ფული, რაში გამოიყენეთ ის პაუზა? ჯანდაცვის სექტორი იგივე მდგომარეობაშია, ეკონომიკური სექტორი დაქცეულია. სად წავიდა ეს ფული?

სერგი კაპანაძე: თქვენი ნათქვამია, ლარი როგორც არასდროს ისეთი ჯანსაღიაო. რეალურად თქვენ მოკალით ეკონომიკა, 20 ადამიანი რომ იყო დაავადებული მაშინ დრაკონული ზომები შემოიღეთ. არჩევნები მოდის და იმის მერე რა მოხდება არ გაინტერესებთ. როდესაც დაინფიცირების ზრდა დიდი არ იყო, ბუზს ესროლეთ ქვემეხი და ახლა სტატისტიკის უკან იმალებით.

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ქალბატონო ნათია, თქვენ მინისტრის მოადგილე იყავით შევარდნაძის მთავრობაში, მაღალი თანამდებობები გეკავათ 2003 წლიდან 2012 წლამდე, დღეს მინისტრი ბრძანდებით „ქართული ოცნების“ მთავრობაში. თქვენ მთავრობაში იყავით, ხედავდით როგორ დადიოდა კაბინეტიდან კაბინეტში გიორგი კანდელაკი, ქუთაისის აეროპორტი რომ გახსნილიყო და „ვიზეარი“ და „რაინეარი“ შემოსულიყო და მიუხედავად ამისა, ამას ტრიბუნიდან ლაპარაკობთ, უბრალოდ სირცხვილია. ოდესმე ხომ უნდა შევხვდეთ ან დერეფანში, ან ქუჩაში და თვალებში ერთმანეთს ხომ უნდა შევხედოთ? ასეთი უტიფრობა, რაც მე ახლა თქვენგან მოვისმინე, პირადად მე, ადამიანი, რომელიც დიდი ხანია გიცნობთ, გაოგნებული ვარ. ეს წარმოუდგენელია, რაც თქვენ აქედან ილაპარაკეთ.

ირაკლი აბესაძე: როდესაც 20 და 25 შემთხვევა გვქონდა, კოვიდის გავრცელება ფართო არ იყო, მაშინ ეკონომიკა დაზარალდა და 12%-ზე უფრო მეტად შემცირდა. რა თქმა უნდა ის შემცირდა გადაჭარბებული შეზღუდვების გამო, რომელიც თქვენ შემოიღეთ, მაგრამ ამის შედეგად მაინც უნდა მიგეღოთ უკონტროლო შეზღუდვა კოვიდ ინფექციის, და ეს მაინც ჩაითვლებოდა წარმატებად, როგორც თქვენ აღნიშნეთ. დღესაც ჩვენი ინფექციონისტებისგან გვესმის, დაინფიცირებული ადამიანების დაინფიცირების წყარო გაურკვეველია. ანუ ერთი მხრივ ჩვენ მთლიანად ჩამოვშალეთ, დავანგრიეთ ეკონომიკა იმისთვის, რომ უკონტროლო გავრცელება თითქოს შეგვეზღუდა და ამით თითქოს ეკონომიკა უარესად არ დაგვეზიანებინა, მაგრამ მაინც შედეგად მივიღეთ უკონტროლო გავრცელება. ანუ ისეთ დღეში ჩააყენეთ ეკონომიკა, რომ მართლა რაიმე რეალური საჭიროება რომ დაგვჭირდეს რაიმე ტიპის შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების, თქვენ არანაირი საშუალება და რესურსი არ დატოვეთ, რომ ეს შეზღუდვები შემოიღოთ.

გიორგი კანდელაკი: ქალბატონო ნათია, როცა ქუთაისის აეროპორტზე საუბრობთ, მის შესახებ ძალიან მწვავე დისკუსიები მიმდინარეობდა ორი წლის განმავლობაში 2009-2010 წლებში. ისიც გეცოდინებათ, რომ ქუთაისის აეროპორტი დღეს რომ არსებობს, არის „რაინეარის“ დამსახურება, „რაინეარი“ რომ ყოფილიყო დაფუძნებული მანდ, შეთანხმება სწორედ იყო, რომ „რაინეარი“ უნდა შემოსულიყო 2013 წელს, მაგიტომ გადაწყდა ხარჯის გაწევა, რომელიც “ქართული ოცნების” მთავრობამ გამოაცხადა არამიზნობრივ ხარჯად. ქუთაისის აეროპორტიც სწორედ ამიტომ არის შორს იმისგან, რაც უნდა იყოს.

გიგა ბოკერია: ქალბატონო მინისტრო ჩვენ აქ მოვედით, რომ გვეცადა გვქონოდა საქმიანი დისკუსია და მოგვესმინა არის თუ არა რაიმე არგუმენტი, რაიმე გონივრული არგუმენტი ასეთი გასაჭირის დროს ჩვენი ქვეყნისთვის … ჩვენი მოქალაქეებისთვის და მეწარმეებისთვის. კრიზისი დაიწყო კოვიდამდე, სამუშაო ადგილების შემცირება დაიწყო კოვიდამდე, ამან უბრალოდ დაამძიმა ვითარება და თქვენს მიერ შერჩეულმა ზომებმა დამატებით დაგვარტყა.

პოლიტიკური გამოსვლების შემდეგ ოპოზიციამ დარბაზი დატოვა. დარბაზის დატოვებას ხმაური მოჰყვა, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა.

„მე მგონი დავინახეთ, რეალურად ამ დარბაზში ოპონირების სურვილი ვის აქვს, ვინ არის მზად, რომ ოპონენტებს მოუსმინოს, იკამათოს და საზოგადოება ამ ყველაფერს შეაფასებს, რა თქმა უნდა, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში. ჩემთვის ასევე გასაკვირია, როგორ მოდის, კოლეგებო, თანხმობაში ის, რომ საზოგადოებას სწორედ ეს პოლიტიკური პარტიები არწმუნებენ, რომ ისინი უნდა იყვნენ მომდევნო პარლამენტშიც. მაგრამ მაშინ, როდესაც უნდა იყვნენ პარლამენტში, დარბაზი არის ცარიელი და არა მხოლოდ პლენარულ სხდომათა დარბაზში, არამედ ბიუროს სხდომებსაც კი არ ესწრებიან. ესეც ერთგვარი დიქოტომიაა და გაორებაა, რაც ამ ძველ ოპოზიციას, სამწუხაროდ, სჭირს, ანუ ისინი საზოგადოებას სთხოვენ იმას, რაზეც უკვე უარი აქვთ ნათქვამი. აი დღეს დავინახეთ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ საპარლამენტო პროცესში მონაწილეობა, არ სურთ ოპონირება, უბრალოდ არ შეუძლიათ განსხვავებული არგუმენტების მოსმენა. ეს არის სამწუხარო და მე იმედი მაქვს, რომ საზოგადოებასთან ერთად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამ პრობლემასაც გამოვასწორებთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომათა დარბაზში შექმნილი ვითარების შეფასებისას.

ამის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა უმრავლესობის წევრებს დაეთმო.

რომან კაკულია: ეს შემოთავაზებები, რაც აქ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს, რომ ეკონომიკასთან მიმართებაში ეს ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებდნენ საკუთარ ქვეყნაში. ისინი, დღესაც, ამ გამოსვლებით გვეუბნებიან, რომ ახლა რატომ არ ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტიო. აი ეს იყო მაგათი გამოსვლა, რასაც ჩვენ ვხედავდით. ხელისუფლებას თავიდანვე რომ არ გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები და ინფიცირების 20 შემთხვევის მაგივრად, 80 – ყოფილიყო, მაშინ ოპოზიცია ეკონომიკის ჩაკეტვას მოითხოვდა. მერე გენახათ რა გამოსვლები ექნებოდათ. აი, თქვენ რომ ზომები მიგეღოთ და დაგეკეტათ ეკონომიკა, მაშინ არ იქნებოდა ასეთი გავრცელება და რამდენ სიცოცხლეს გადავარჩენდითო – მთელი ამათი კამპანია ზუსტად ამაზე იქნებოდა აგებული. დღეს, აქ დისკუსია, სამწუხაროდ, ვერ შედგა და ვერც შედგებოდა. ამიტომ, მე პრინციპში მხარს ვუჭერ იმ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ მიზანმიმართულად, სიფრთხილით მივყევით ყველაფერს. ვამართლებ იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე იყო ნომერი პირველი გამოწვევა. ჩვენს დამოკიდებულებას, განსაკუთრებით, კოვიდის განმავლობაში უპასუხისმგებლობას და გულგრილობას რომ დაარქმევ და ამ ობიექტურობით გინდა წარსდგე საზოგადოების წინაშე, მაგათ სინდისზე იყოს, ვინც ასეთი შეფასება გააკეთა.

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ გვაქვს რამდენიმე მიზანი: დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა იმ ფონზე, როცა ეპიდემიოლოგთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ შესაძლოა იყოს მეორე ტალღა, რომელიც იქნება უფრო მეტი ზიანის მომტანი და, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა უფრო მეტი მზაობა. რა თქმა უნდა, ეკონომიკაშიც უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ სასტარტო მდგომარეობას და არ მივიღოთ შეუქცევადი პროცესები. ასევე მისახედია დღევანდელი პოლიტიკური რეალობა, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნები ჩასატარებელი. ჩვენ ოპონენტებს, როგორც ვხედავთ, ეშინიათ არჩევნების, ეშინიათ კოვიდთან ბრძოლის პოზიტიური შედეგის და ამიტომ სრულიად ლოგიკურად არიან პანიკაში. როგორც ჩანს, მათ სურთ არჩევნების გადადება, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა, არ გავხადოთ შეუქცევადი ეკონომიკური პროცესები და პოლიტიკური პროცესიც იყოს ჯანსაღი. 1 თვე დაგვრჩა და საზოგადოებას ვთხოვ, ავიტანოთ ჩვენი ოპონენტების ასეთი უმსგავსო საქციელი. მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა და თქვენიც, საზოგადოების თითოეული წევრის, რომ ასეთი გამოხდომები, ასეთი აცდენილი მსჯელობა და უზრდელობა პარლამენტში უნდა დაასრულოთ. რადიკალური ოპოზიციის სტანდარტი არის უზრდელობა და საზოგადოებისთვის საზიანო ქმედება, რაშიც საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ხედავენ. ეს მომავალი არ იქნება!

გიორგი ვოლსკი: ტყუილია ყველაფერი რასაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ და ამ ტყუილებზე უნდათ მიიღონ დამატებითი ხმები, ეს ვერ მოხდება! არცერთი საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ მოუყარა თავი და ამ ურთულეს პირობებში მაინც შეძლო გარკვეული პაკეტის გაკეთება ბიზნესმენებისთვის თუ კერძო ადამიანებისთვის მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, არა თუ დაფინანსებული, არამედ საერთოდ ყურადღების მიღმა ქონდათ დატოვებული და ამ თემასთან დაკავშირებით სინანულიც კი არავის გამოუთქვამს. გადახედეთ პაკეტს, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ ამ უმძიმეს პირობებში.

მათი გამოსვლების დროს ერთი მთავარი მიზანი გამოიკვეთა – მათი საკრალური ოცნება, შეჭირვებული ხალხი დაარწმუნოს, რომ გაჭირვება შეზღუდვებმა განაპირობა და ეს შეზღუდვები თავის მხრივ განპირობებული იყო არასწორი ეკონომიკური გათვლებით და რაც მთავარია, პოლიტიკური მოსაზრებებით, რომ თურმე მათი მომხრეები უნდა გამოვკეტოთ და ჩვენს მომხრეებს უნდა გავუხსნათ გზა საარჩევნო ყუთებისაკენ.

რევოლუცია მოინდომეს, ორგანიზება გაუკეთეს, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ საგარეო კურსი არა თუ უცვლელია, არამედ გაცილებით ძლიერია ჩვენი მონაწილეობა ყველაფერში, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოვალეობებით არის ჩვენ მიმართ განსაზღვრული. არ გაამართლა ამანაც და აი, მათდა სასიხარულოდ გამოჩნდა მსოფლიოში ვირუსი. ისედაც დაპირისპირებულ, ისედაც უამრავი პრობლემით გადატვირთულ მსოფლიოში გამოჩნდა კორონავირუსი და იფიქრეს, იქნება აქ როგორმე შევძლოთ ეკონომიკის დარგი დავიწუნოთ, ჯანდაცვის დარგი დავიწუნოთო და ექიმებთან ბრძოლა გამოაცხადეს. მთელი მსოფლიო ამბობს, რომ კარგად არის ორგანიზებული, არა მარტო ექიმების მიერ, არამედ ყველა დარგის მიერ ბრძოლა ამ სასტიკ გამოწვევასთან. ესენი კი ამბობენ, რომ ექიმები არიან დამნაშავეები, ექიმები არიან ანგაჟირებული. მერე ექიმების ქება დაიწყეს ჩვენ კი გვითხრეს, რომ ექიმების ხალათს ვართ ამოფარებული. ვერ შედგა, ვერც კოვიდმა გაამართლა და ამ არჩევნებში შედეგს როგორ უნდა ელოდონ ადამიანები, რომლებმაც დღეს დაიწყეს საუბარი იმ ოჯახების გაჭირვებაზე, რომლებსაც თვითონ აწამებდნენ და სურვილიც გამოთქვეს, რომ გააგრძელონ მმართველობა იმავე რეჟიმში, რასაც სადისტური მმართველობა შევარქვით ძალიან ზუსტად.

რატი იონათამიშვილი: დღეს ჩვენ ინტერპელაციის წესით მოვისმინეთ კომპასში დაკარგული პარტიის წევრების უარგუმენტო და არაკომპეტენტური კითხვები და ეკონომიკის მინისტრის კვალიფიციური, ინფორმაციული და ამომწურავი პასუხები. თუმცა არ გამკვირვებია თუ რა დღეში ჰქონდათ დღეს ნერვები ჩვენს ოპონენტებს. იმიტომ, რომ რეალურად, როდესაც ეს კითხვები გამოაგზავნეს, სანამ ქალი მინისტრისგან მიიღებდნენ ძალიან მწარე და სამართლიან პასუხებს, მათ პასუხი ჯერ საინვესტიციო კლიმატის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა და სულ ახლახან ევროპარლამენტში მიღებულმა ანგარიშმა გასცა, რომელსაც ევროპარლამენტის 512 წევრმა დაუჭირა მხარი, სადაც პოზიტიურად არის შეფასებული და ეს მხარდამჭერები მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს თუ როგორ გავუმკლავდით პანდემიას, როგორც შემაკავებელ ფაზაში, ასევე ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით. ცხადია, ამ ყველაფერს ვერ აიტანენ, იმიტომ რომ ერთ მხარეს არიან ესენი, რომლებიც პანდემიის დროს ებრძვიან ექიმებს, დგანან ვირუსის მხარეს, ავრცელებენ დეზინფორმაციას და მეორე მხარეს ჩვენი პარტნიორები საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები, ექსპერტები მაგალითს იღებენ იმისგან, რომ საქართველომ როგორი სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

ირაკლი მეზურნიშვილი: ჩვენმა მთავრობამ ეფექტიანად იმუშავა კოვიდ-19-თან მიმართებაში და რასაც თქვენ, ოპოზიციას მივმართავ, ჩაფლავებულს უწოდებთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამას უწოდებენ წარმატების ფორმულას. აი როგორია თქვენი შეფასებები და როგორაა აცდენილი ჩვენი ევროპელი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შეფასებებს. წარმატებული ქვეყნებიც კი აღმოჩნდნენ ძალიან ღრმა რეცესიაში და მინდა მოგიყვანოთ რამდენიმე ციფრი, რომელიც ნათელს მოჰფენს თუ რა მდგომარეობაშია წარმატებული ქვეყნები, ისეთი, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, ბრიტანეთი, საფრანგეთი. პროგნოზი არის გაკეთებული 2020 წელს, რომ ამ ქვეყნებში ვარდნა იქნება დაახლოებით 11-დან 14 პროცენტამდე, იქედან გამომდინარე, თუ როგორი იქნება სიმძლავრით შესაძლო მეორე ტალღა. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ მსოფლიოში უძლიერესი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურმა სიტუაციამ მეორე კვარტალში ვარდნა განიცადა 32 პროცენტით, როდესაც ჩვენ , ასეთი მცირე ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანამ შევძელით ის, რომ 2020 წელს იქნება დაახლოებით 5 პროცენტი ეკონომიკური ვარდნა და 2021 წელს ჩვენ დავუბრუნდებით სტატუს -კვოს და აღვადგენთ ჩვენს ძალებს.

დასკვნითი სიტყვით გამოვიდა მინისტრი, რომელმაც ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შეუფერხებლად, ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის აღმშენებლობას და განვითარებას უკვე ახალი კაბინეტის ფორმატით. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა სრულად ფლობს პროცესს, უძღვება მას სწორი სტრატეგიული ხედვით.

„საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შეუფერხებლად, რისთვისაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და რომლის შემდეგაც მალე დავუბრუნდებით ჩვეულ საქმიანობას. მე ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ წინასაარჩევნო პროცესში მაინც მოვისმენთ უფრო კონსტრუქციულსა და უფრო კარგად გააზრებულ შემოთავაზებებს, უფრო გათვლილ წინადადებებს და არა უბრალოდ პოპულისტურ იდეებს. მოვისმენთ და დავინახავთ უფრო მეტ კომპეტენტურობას და არა უბრალოდ ციფრებით მანიპულირებას, რომელიც დღეს ჩვენ აქ, ამ დარბაზში, მოვისმინეთ. ეს არ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური განაცხადი. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებას უკვე ახალი კაბინეტის ფორმატით. თქვენ გააგრძელებთ ჩვეულ სტილში ოპოზიციონერობასა და კრიტიკას, მაგრამ ვის მივმართავ, დარბაზში არ არიან, გავიდნენ. იმედს გამოვთქვამ, რომ ნაწილობრივ მაინც ეს კრიტიკა დაეფუძნება სწორ გათვლებსა და კომპეტენციას”, – განაცხადა დასასრულს ნათია თურნავამ.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ როგორ მუშაობს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო. ასევე, ცხადია კოვიდ პანდემიის მართვის პერიოდში არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტის მონაწილეობის გარეშე არ ყოფილა მიღებული, ზუსტად ვიცით, რა იყო საჭირო, გავაკეთეთ სწრაფი რეაგირება და მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები, როგორც კი პანდემია დაიწყო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და მინისტრს პროცედურაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

არჩილ თალაკვაძემ ამავდროულად პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ კარგად იცის, რა იყო პირველი პასუხი კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის დაწყებისთანავე.

„პირველ რიგში ზრუნვა ადამიანების ჯანმრთელობაზე, მის უსაფრთხოებაზე, შემდეგ იყო პირველი ანტიკრიზისული სოციალური დახმარებები, სადაც საზოგადოების ყველა იმ ჯგუფს, შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმარეთ, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ სახელმწიფოს დახმარება. რასაკვირველია, პანდემიით გამოწვეული კრიზისი გრძელდება მთელ მსოფლიოში და საქართველოც არ არის გამონაკლისი, ამიტომ, კარგია, რომ დღეს ეკონომიკის მინისტრი მობრძანდა პარლამენტში, რეგლამენტის და კანონის სრული დაცვით და მოგვახსენა იმის შესახებ, თუ რას აკეთებს მთავრობა ეკონომიკის მიმართულებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის შემდეგ, მმართველი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენაა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ არაერთი ადამიანი ამ მომენტში პირისპირ რჩება ბევრ სოციალურ პრობლემასთან, არაერთმა დაკარგა სამსახური და შემოსავალი, კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური ფონი მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც უარესდება და კარგად გვესმის, რომ ეს არ იქნება ადვილი ამოცანა, რომ ჩვენ დროულად დავაბრუნოთ ჩვენი ეკონომიკა იმ რელსებზე და განვითარების იმ ტემპებში, როგორიც გვქონდა. მართალია ეს იქნება რთული, მაგრამ შესაძლებელი ამოცანა, ჩვენ ამას შევძლებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად! რასაკვირველია, პარლამენტი იქნება განუყოფელი ნაწილი იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების და პროცესის, რასაც ჰქვია პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, პასუხისმგებლობა კრიზისის მართვაზე, ჩვენ პირველ რიგში, ვესაუბრებით ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს საზოგადოებას და ამ წუთას ნაკლები დრო გვაქვს ოპოზიციასთან კინკლაობისთვის, თუმცა, როგორც ხედავთ, მათ კინკლაობაც ვერ შეძლეს და დარბაზი დატოვეს დროზე ადრე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამის შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. შესვენების შემდეგ კი პარლამენტმა საკანონმდებლო საქმიანობა გააგრძელა. კანონმდებლებმა დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელეს. პარლამენტმა, კერძოდ, მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტები „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ორივე კანონპროექტზე მომხსენებლებმა განაცხადეს, რომ მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტებში რედაქციული ხასიათის ცვლილებები შევიდა. კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტის წევრების რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის ინიციატივას წარმოადგენს, გურამ მაჭარაშვილმა გამოიტანა. აღნიშნული პროექტით, კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისას, პირი ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება. პროექტი აქვე განსაზღვრავს აღნიშნულ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირის მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის წესს.

კანონპროექტის – „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, თანახმად კი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პანდემიის/ეპიდემიის პერიოდში, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვები ონლაინ შეხვედრის ფორმატში, საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, ჩატარდება.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის წევრების ნინო წილოსანის და სულხან მახათაძის ინიციატივაა, იგი პლენარულ სხდომას ნინო წილოსანმა წარუდგინა. პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა. საკითხზე მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა კოლეგებს მუხლობრივად გააცნო ის ცვლილებები, რომლებზეც კონსულტაციების შედეგად შეჯერდნენ. ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას ეხება. სხდომის დასასრულს, პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა როგორც დღევანდელ, ასევე წინა პლენარულ სხდომაზე განხილულ საკითხებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0