ეკონომიკას ურტყამს არა შეზღუდვები, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება.

18/09/2020

„ეკონომიკას ურტყამს არა შეზღუდვები, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ვირუსის უკონტროლო გავრცელების დროს საწარმოები ვერ მუშაობენ. დროულად მივიღეთ აუცილებელი ზომები და ამას იზიარებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი. საერთაშოროსო საკრედიტო სააგენტოებმა ყველაზე კრიტიკული და კონსერვატიული საზომი უცვლელად დატოვა – ინვესტორებს სჯერათ საქართველოს ეკონომიკური მომავლის“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.

მისივე განცხადებით, რეგიონში ერთ-ერთი პირველები ვართ, სადაც ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები იკვეთება და კლების ტემპი -4, -5 პროცენტი იქნება.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მიზნობრივი და ეფექტიანი პოლიტიკა ფასდება ერთი საზომით – გადარჩენილი სიცოცხლეებით. იმის გამო, რომ ჩვენ ბევრ სხვა სახელმწიფოზე ადრე მივიღეთ ზომები, საქართველოს აქვს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

„მე ამაყი ვარ, რომ შემიძლია ვთქვა – ბიუჯეტიდან ისეთი ეფექტური პროგრამები ფინანსდებოდა და ფინანსდება, როგორიცაა, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში,“ რომელიც 2014 წლიდან არსებობს – დღესაც, კოვიდის დროს ანტიკრიზისული პოლიტიკის ერთ-ერთ ბერკეტად იქცა, 600-ზე მეტი ქართული საწარმო, მცირე და საშუალო სასტუმროა დღემდე დაფინანსებული.ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კაპიტალური ხარჯების, სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების ნაწილში – ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%“. ნათია თურნავას თქმით, ასევე ძალიან ეფექტური რამდენიმე პროგრამა ხორციელდება, მათ შორის გაზიფიკაციის 3-წლიანი პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის გაზიფიკაციის დონე 90%-ზე ადის.

„400-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში, სადაც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, არასოდეს ყოფილა გაზი, ჩვენ შეგვყავს ბუნებრივი აირი. ეს არის პროგრამები, რომლებიც ემსახურება 2200 კმ რეაბილიტირებულ გზას, ჩვენს მიერ გაყვანილი 267 კმ. ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი, 218 ახალი 291 რეაბილიტირებული ხიდი და ა.შ.“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ის პრინციპი და აუცილებლობა განმარტა, რომლის თანახმადაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა უწევთ, უცხოელებს კი – არა.

„ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ვირუსის თითოეული კერის ლოკალიზებას, რაც დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოვიკვლევთ კონტაქტებს. საქართველოს მოქალაქეები, ვინც ახლა ჩამოდიან, ხვდებიან კარანტინში, რომლის ხანგრძლივობაც ეტაპობრივად მცირდება – ამ მიმართულებით ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მსოფლიო მიღწევებს. აქ დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს გაცილებით მეტი სოციალური თუ სამუშაო კონტაქტები აქვთ, შესაბამისად, გაცილებით დიდ რისკს ქმნიან ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. უცხოელი მოქალაქე გაცილებით მარტივი სამონიტორინგოა მისი შემდგომი კავშირების კვლევის თვალსაზრისით, თუ ის ინფიცირებული აღმოჩნდება. თუმცა, მოგეხსენებათ, ახლა უცხოელების მიმართაც გავამკაცრეთ მიდგომა და სავალდებულოა PCR ტესტი. ჩვენ იმიტომ ვართ ძლიერები ანტიპანდემიურ ღონისძიებებში, რომ პირველივე დღიდან ვეყრდნობოდით ჩვენი ეპიდემიოლოგების, ჩვენი მედიკოსების რჩევებს. ეს არის მათი რეკომენდაცია და მას იქამდე აღვასრულებთ, ვიდრე ამისი საჭიროება იქნება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0