თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა 2015 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა. სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს სამსახურის მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები დეტალურად გააცნო.
ნინო სულხანიშვილის განცხადებით, 2015 წელს სამსახურის ინიციატივით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, რომელიც ქალაქში არსებული გამწვანებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.
„ჩვენმა სამსახურმა აქტიურად იმუშავა არა მხოლოდ ქალაქის მასშტაბური გამწვანების, არამედ რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობისა და ასევე, ქალაქის ერთიანი გარემოსდაცვითი ხედვის შემუშავების მიმართულებით. ქალაქსა და მის შემოგარენში, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, დაირგო 400 000-ზე მეტი ნერგი, კეთილმოეწყო ათობით სკვერი ქალაქის სხვადასხვა რაიონში, დამტკიცდა თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია, ამასთან, ეტაპობრივად ჩავატარეთ და ახლაც ვაგრძელებთ დაავადებული და გამხმარი წიწვოვანი ნარგავების მოჭრისა და მათი ჩანაცვლების სამუშაოებს. ვფიქრობ, ანგარიშში ასახული აქტივობები, ასევე მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება გამწვანების პრობლემების მოგვარებასა და ეკოლოგიური ბალანსის აღდგენას აქტიურად შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ნინო სულხანიშვილმა.
მისივე თქმით, სამსახურის ბიუჯეტი 2015 წელს 13 152 713 ლარს შეადგენდა, შესრულების მაჩვენებელმა 94.76% შეადგინა. წლის განმავლობაში ბაღ-პარკების მოვლა-პატრონობაზე, სკვერების რეაბილიტაციაზე, ფიტოსანიტარიული კვლევის ჩატარებისა და გამხმარი ხეების მოჭრის, ასევე ხე-მცენარეების დარგვის ღონისძიებებზე სულ 12, 463,224 ლარი დაიხარჯა.
სამსახურის ინიციატივით, 2015 წელს გარემოსდაცვითი და გამწვანების ღონისძიებების ეფექტური მართვის მიზნით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტივობები განხორციელდა.
2015 წელს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა შეიმუშავა „თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020“, რომელიც ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების და ქალაქის მდგრადი განვითარების გრძელვადიან ხედვას წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია, რომ 2015 წელს ქალაქში 2 344 900 კვ. მ-ზე მეტ სხვადასხვა ტერიტორიას მიენიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი.
ასევე, ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, დამტკიცდა ხეების სხვლა-ფორმირების წესები, რაც ხელს შეუწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას.
ამასთან, თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესი, რითაც განისაზღვრა გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები, უფლებამოსილი ორგანოები, მონიტორინგის სისტემა, მწვანე ნარგავების აღრიცხვის სისტემა, მავნებელ-დაავადებებისგან დაცვის ღონისძიებები და გამწვანებული ტერიტორიების სტატუსები.
სამსახურის ორგანიზებით, 2015 წელს, პროგრამა „მილიონი ხის“ ფარგლებში ქალაქის შემოგარენში, ცენტრალურ ქუჩებზე, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოებში 480 663 ხე-მცენარე დაირგო. გამწვანების ღონისძიებებისთვის სამსახურმა 1.093,647 ლარის ღირებულების 452 180 ნერგი შეისყიდა.
რეკრეაციული ზონების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 10-მდე დიდი სკვერის სრული რეკონსტრუქცია განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ, სანდრო ეულის, წინანდლის, კრწანისის 7-7ა ქუჩებზე არსებულ და სანდრო ურუშაძის სახელობის სკვერებს. ბაღ-სკვერებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე განახლდა საბაღე ფურნიტურა, ბაღ-სკვერების ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე დიზაინის 200 ახალი დასასვენებელი სკამი და 400 დეკორატიული ურნა.
გასულ წელს აქტიურად მიმდინარეობდა ავარიული ხეების სხვლა-ფორმირებისა და შეწამვლის სამუშაოები. სამსახურის ორგანიზებით ფორმირების სამუშაოები 9019 ხეს ჩაუტარდა, მოიჭრა 7700 ხე, ამოიძირკვა 2518 კუნძი. ფიტოსანიტარიული კვლევა ჩაუტარდა 98000 ხე-მცენარეს, შეიწამლა 29 000 დააავდებული ხე.
გამწვანების პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე მავნებელი დაავადებებისგან დაზიანებული წიწვოვანი ნარგაობის ხმობაა. საშიში კერების გაზრდის პრევენციის მიზნით 2015 წელს 10 000 დაავადებული ხე მოიჭრა. 15750 დაავადებული ხის მოჭრის სამუშაოების შესრულების შესყიდვის ტენდერი ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. სამუშაოები 15 თებერვალს დაიწყება.
ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ განხორციელდა დენდროლოგიური პარკისა და თბილისის ზღვის მიმდებარედ, ახალი ზოოპარკის ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები. ზოოპარკის ტერიტორიაზე 47 ჰა, ხოლო დენდროლოგიურ პარკში 164.6 ჰა ფართობები შემოიღობა.