ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში იოანე ნათლისმცემლის სახელობის უძველესი სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

01/03/2016

ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში იოანე ნათლისმცემლის სახელობის უძველესი სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კომპლექსი მოიცავს ეკლესიას, სამრეკლოს, პალატს, გალავანს და სხვ. ნაგებობებს. მონასტერს შემოვლებული ჰქონდა ქვითკირის მაღალი გალავანი, რომლისგანაც დღეს ფრაგმენტებია შემორჩენილი. კომპლექსის შუაში აღმართულია IX-X საუკუნეების ერთნავიანი უგუმბათო დარბაზული ეკლესია შიგნით ფრესკების ფრაგმენტებით, ხოლო სარკმელთა პირები ორნამენტირებულია. კომპლექსის ჩრდილოეთით მდებარეობს ორსართულიანი სამრეკლო (XIII-XIV სს) და პალატი. აღდგენითი სამუშაოების პროცესი, რომელსაც მონიტორინგს უწევს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ და მღვდელმა ალექსი რეკვავამ მოინახულეს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მეცენატის შემოწირულობით ხორციელდება. ეკლესია განთავისუფლდა მწვანე, დამანგრეველი საფარისგან. გამოჩნდა ფასადების ზედაპირი. გაწმენდის შედეგად გამოვლინდა მრავალი მნიშვნელოვანი არქიტუქტურული დეტალი. ტაძარი სრულად აღდგა კამაროვანი გადახურვით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამრეკლოსა და პალატების აღდგენითი სამუშაოები ავთენტური მასალების გამოყენებით.
აღსანიშნავია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში პარალელურად მიმდინარეობს ეკის მაცხოვრის ჯვრის სახელობის ეკლესიისა და ლეძაძამეს ტერიტორიაზე, კვაუთის მთავარანგელოზთა ეკლესიის რეაბილიტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0