იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან, კრისტი მორდჰორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელების პროცესში.
„პირველ რიგში, უნდა ავღნიშნო და ხაზი გავუსვა ჩვენს საუკეთესო თანამშრომლობას ამერიკის საელჩოსთან, რომელიც გვეხმარება სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. ეს პროექტები და პროგრამები მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით. ამიტომაც, ჩვენ ვაფასებთ თქვენს მუდმივ მზაობას, მხარი დაგვიჭიროთ რეფორმების გზაზე“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ეკა ბესელიამ სტუმარს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტის გასული წლის საქმიანობის შეჯამების შედეგად გამოიკვეთა, რომ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების 78-80%-ი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოდის. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო ახალ სტანდარტებზე გადასვლა, კერძოდ გაძლიერდა საკანონმდებლო ექსპერტიზის ხარისხი. ეკა ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ ამავე მიზნით კომიტეტთან სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭო იქმნება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტი სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ექსპერტებთან, მათ შორის აშშ-ის საელჩოს მრჩეველთან სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტთან, რომელიც ექსპერტულ დახმარებას უწევს კომიტეტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. ცვლილებები კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება.
ეკა ბესელია სტუმარს ესაუბრა, ასევე კომიტეტის კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე – საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე და ამ მიმართულებით კომიტეტის მიერ დაგეგმილ აქტივობებზე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კრისტი მორდჰორს დეტალურად გააცნო სასამართლო რეფორმის მე-4 ეტაპის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა.
„სასამართლო რეფორმის ეფექტურად განხორციელების მიზნით ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია ყველა მონაწილე: პარლამენტი, უზენაესი სასამართლო, იუსტიციის საბჭო, იუსტიციის სამინისტრო. პროცესის ინკლუზიურობის მიზნით სამუშაო ჯგუფში ჩართულია: ევროკავშირი, ევროსაბჭო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების ხელშეწყობის პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) და აშშ-ს საელჩო საქართველოში. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ, ასევე ვთანამშრომლობთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს იმ საკითხებზეც ესაუბრა, რომლებზეც სამუშაო ჯგუფი იმუშავებს. ესენია: საქმეთა ნაკადის მართვა და საკანონმდებლო ცვლილებები; მოსამართლეთა დისციპლინური საფუძვლები და პასუხისმგებლობის საკითხები; იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მარეგულირებელი ნორმები და კომერციული პალატები.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ, სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული და უდაოდ სახეზეა დადებითი შედეგები. მისივე თქმით, რეფორმის მე-4 ეტაპის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება ცვლილებების განხორციელება მაქსიმალური კონსენსუსის საფუძველზე.
სტუმარი საარჩევნო სისტემის რეფორმით დაინტერესდა. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, საკონსტიტუციო რეფორმიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები შევა, მათ შორის, საარჩევნო კანონმდებლობაში. მისივე განმარტებით, საარჩევნო სისტემის რეფორმის პროცესში გათვალისწინებული იქნება, ასევე საერთაშორისო მისიების რეკომენდაციებიც.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა შემდგომი აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
ეკა ბესელია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს შეხვდა
05/02/2018