ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა. მხარეებმა კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მინისტრმა დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. ეკატერინე ტიკარაძემ აზერბაიჯანის ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. დიპლომატმა თავის მხრივ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ „კოვაქსის“ პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილია 1.4 მილიონი დოზა ვაქცინის შესყიდვა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია. შესაბამისად, დამატებითი დოზების მობილიზების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება მწარმოებელ კომპანიებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
31/03/2021