საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს – დიეგო კოლასს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა, საფრანგეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საფრანგეთის სადაზღვევო მოდელის გაზიარებას, ასევე ელექტრონული ჯანდაცვის განვითარების კუთხით თანამშრომლობას. ისაუბრეს მიგრაციის, პირველადი ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ საკითხებზე. განიხილეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხებიც. მინისტრის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ დევნილთა პრობლემების მოგვარებისთვის არის გამოყოფილი, რაც გულისხმობს ბინათმშენებლობას, მათ დასაქმებასა და ინტეგრაციას.
საფრანგეთის ელჩი სამინისტროს აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის პრევენციის პროგრამების განხორციელების კუთხით დახმარებას დაპირდა. მისი თქმით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დიეგო კოლასმა მინისტრს მადლობა გადაუხადა იმ წარმატებული რეფორმებისთვის, რასაც სამინისტრო ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ახორციელებს.
„სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი იმით, რომ საქართველოს პრიორიტეტული სფეროები ხშირ შემთხვევაში ემთხვევა საფრანგეთის მიზნებსა და პრიორიტეტებს. თქვენმა ქვეყანამ განვითარების ევროპული მოდელი აირჩია, რომელიც სოციალურ საჭიროებებზეა მორგებული. სამინისტროსთან ბევრი საერთო თემა გვაკავშირებს. ვმუშაობთ სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, ფარმაცევტულ საკითხებზე. ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.
შეხვედრას სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმღვანელი ზაალ კაპანაძეც ესწრებოდა.