ეკატერინე ტიკარაძე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ესტუმრა

07/12/2020

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ესტუმრა. მინისტრი ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა და სადისპეტჩერო ცენტრში არსებულ პრობლემებს ადგილზე პირადად გაეცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პაციენტების დროულ ჰოსპიტალიზაციასა და ნაკადების სწორ მართვას.

„შევხვდით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობას. დეტალურად გავეცანი მათ პრობლემებს. ვისაუბრეთ პაციენტების ჰოსპიტალიზაციასა და ნაკადების მართვაზე, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს პაციენტების განთავსება როგორც სასტუმროებში, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში.” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის და მართვის დეპარტამენტის უფროსიც ესწრებოდა. ამირან გოგიტიძის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე შემთხვევებზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ.

„მინისტრი პირადად გაეცნო სამუშაო პროცესსა და სადისპეტჩერო სამსახურის მუშაობას. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები დანიშნულების ადგილზე ოპერატიულად მიდიან და შესაბამის რეაგირებას ახორციელებენ.“-განაცხადა ამირან გოგიტიძემ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟები საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად საშუალოდ 3000 გამოძახებას ასრულებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0