ეკატერინე ტიკარაძეს, მინისტრის საათის ფორმატში 15 ნოემბერს მოუსმენენ

01/11/2019

პარლამენტის ბიურომ 1 ნოემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგს რამდენიმე განსახილველი საკითხი დაამატა. პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის ტექსტში სსიპ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი იცვლება, სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტით. დღის წესრიგს დაემატა და დღეს მესამე მოსმენით განიხილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის საკითხი. პლენარულ სხდომაზე განიხილავენ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმებასთან შეერთების თაობაზე“.
კანონმდებლები პირველი მოსმენით იმსჯელებენ პარლამენტის წევრის ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივაზე, საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“.
ორგანული კანონის პროექტით წესრიგდება, შრომით ურთიერთობასთან, დამსაქმებელთან, დასაქმებულთან და შრომით ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები. ახლებურად განიმარტება „შრომითი ურთიერთობის“ ცნება, აგრეთვე ზუსტდება ტერმინების „დამსაქმებელი“, „დასაქმებული“ და „შრომითი ხელშეკრულება“ განმარტებები. ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელა. ბიუროს გადაწყვეტილებით პარლამენტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიო დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, მინისტრის საათის ფორმატში 15 ნოემბერს მოუსმენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0