ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზის დაჩქარებულ ვადებში შემოტანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს საქართველოში ვაქცინაციის პროცესზე და პირველი ეტაპის ერთობლივად დაგეგმვის აუცილებლობაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო ასოციაციების აქტიურ ჩართულობას. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალი მაღალი პრიორიტეტის ჯგუფია და ვაქცინის პირველი დოზები სწორედ მათთვისაა განკუთვნილი. შესაბამისად, აღნიშნულ პროცესში სამედიცინო ასოციაციების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რომ ექიმების ვაქცინაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში წარიმართოს.
“სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულება და განწყობა ვაქცინაციის მიმართ არაერთგვაროვანია და აუცილებელია მუშაობა იმისთვის, რომ ვაქცინის მიმართ ნდობა ჩამოყალიბდეს. სამედიცინო პერსონალი, რომელიც ძალიან მაღალი რისკის მატარებელია, სრულად უნდა ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში და შესაბამისად, დაცული უნდა იყოს ამ რისკებისგან. ყველანი ვთანხმდებით და ვფიქრობთ, რომ ეს არის ის ძირითადი მიმართულება, რისთვისაც ჩვენ ახლა ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ.” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.