ეთნიკურმა წმენდამ, რომელიც ამ ომმა მოიტანა, ათიათასობით ადამიანი დევნილად აქცია საკუთარ სამშობლოში

27/09/2023

“30 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან – დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა.
სწორედ ამ დღეს, 13 თვისა და 13 დღის შემდეგ, დასრულდა აფხაზეთის ომი”, – ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ახალციხის ცენტრალურ სკვერში, გმირთა მემორიალთან განაცხადა.
მან პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

“ეთნიკურმა წმენდამ, რომელიც ამ ომმა მოიტანა, ათიათასობით ადამიანი დევნილად აქცია საკუთარ სამშობლოში და, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანის, ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულ გმირთა ოჯახებსა და ახლობლებს. გმირი მეომრების გაღებული მსხვერპლი შეუფასებელია და ქედს ვიხრი მათი სიმამაცის, პატრიოტიზმის წინაშე. სამწუხაროდ, ეს ომი გაყინულ კონფლიქტად იქცა და რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, კვლავ უმთავრესი გამოწვევაა ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის. თუმცა, ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა – კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან დაკავშირებით იმედის მომცემია და მტკიცედ მჯერა, რომ სწორედ მშვიდობით შევძლებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენოთ ძლიერი, ერთიანი, განვითარებული ქვეყანა”, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს მოადგილეებმა – დავით ვარდიაშვილმა და შოთა როსტიაშვილმა, ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0