ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით დაწყებული თემატური მოკვლევის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში გასვლითი შეხვედრები გაიმართა

15/06/2022

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი მარნეულის მუნიციპალიტეტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე სკოლების დირექტორებთან, მასწავლებლებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბაგა-ბაღების გაერთიანებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა: თამარ ტალიაშვილმა, ხათუნა კვიციანმა, ზაურ დარგალმა და სავალან მირზოევმა.
სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრისას, მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ხათუნა კვიციანმა დამსწრეებს თემატური მოკვლევის მიზნები გააცნო და ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით გამოწვევებს წარმოადგენს. მისი განცხადებით, მოკვლევის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში განხორციელებული გასვლითი შეხვედრები მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა, ხაზი გაუსვა თემატური მოკვლევის, როგორც ეფექტური საზედამხედველო მექანიზმის მნიშვნელობას, რომელსაც კომიტეტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იყენებს. მან მადლობა გადაუხადა შეხვედრაში მონაწილე პირებს მოკვლევის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.
თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებმა, მარნეულში მდებარე პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ მოინახულეს. დეპუტატები გაეცნენ კოლეჯის პროგრამებს და მოისმინეს ის საჭიროებები, რომელიც მარნეულში მდებარე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს გააჩნიათ. ვიზიტის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფის წევრები ქალაქ მარნეულის N3 ბაგა-ბაღს ეწვივნენ, სადაც შეხვედრა გაიმართა ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ბაგა-ბაღების გაერთიანებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ყურადღება ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების მიღებისა და სახელმწიფო ენის შესწავლის პროცესში სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე, ასევე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა. პარლამენტის წევრების განცხადებით, მოკვლევის დასრულების შემდგომ, ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდება რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაზე პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებს დაეკისრება. შეხვედრებში, პარლამენტის წევრებთან ერთად, ასევე, მონაწილეობა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ მიიღეს. გასვლითი სამუშაო შეხვედრა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0