,,ევროპული კაფეების ტური” რუსთავში

23/05/2016

სსიპ ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებითა და საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით, „ევროპული კაფეების ტურის’’ ფარგლებში, რუსთავის მერიაში სლოვაკ ექსპერტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერის მოადგილეები – ნოდარ შეროზია, ლაშა ლობჯანიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიკო ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და თვითმართველობის სხვა წევრები დაესწრნენ.
მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზის ლიბერალიზაციის საკითხები.
სლოვაკმა ექსპერტებმა, ქალაქ სტარა ლუბოვნას ყოფილმა მერმა, ბიზნესმენმა და დიპლომატმა, პროფესორმა მიჰალ ბიგანიციმ და ეკონომიკის ექსპერტმა სოფლის მეურნეობის სფეროში, გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ყოფილმა წარმომადგენელმა საქართველოში, მარია კადლეციკოვამ ევროკავშირში სლოვაკეთის ინტეგრაციის პროცესზე დეტალურად ისაუბრეს და რუსთავის მთავრობის წევრებს ამ მიმართულებით საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს.
მსგავსი შეხვედრა, რომელიც ევროინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას და ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად, ევროპელმა სტუმრებმა უკვე გამართეს მარნეულში.
პროექტის ,,საქართველო ევროპულ გზაზე” ფარგლებში, გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით საჯარო შეხვედრა-დისკუსიები მიმდინარე კვირაში, თელავში, გორში, მცხეთაში, ახალქალაქსა და თიანეთშიც მოეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0