“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის აქტიური ჩართულობა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და გრძელვადიანი წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება – ეს ის საკითხებია, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისათვის გაკეთებულ განცხადებებში გაამახვილეს ყურადღება.
როგორც ტორბიორნ იაგლანდმა აღნიშნა, ევროპის საბჭო აფასებს იმ რეფორმებს რომელიც საქართველოში ხორციელდება და ასევე, პრეზიდენტის ჩართულობას საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების საკითხში.
“ვაფასებთ, ასევე, პრეზიდენტის ჩართულობას არჩევნების კონსტრუქციული გზით წარმართვაში. ეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველო – ევროპის საბჭოს ინტენსიური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
“უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მივიღეთ ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც წინ წასწევს საქართველოს პოზიტიური გზით განვითარებას.
ჩვენ სიღრმისეულად განვიხილეთ მოქალაქეების უფლებები და მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზთან”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს ევროპის საბჭოს იმ ანგარიშის გამო, რომელიც ახლახანს მიიღო მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით.
“იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება წინ წასწევს იმ სიტუაციას, რაც არის შეშფოთების საგანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს, როგორც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, ასევე, დეტალურად მიმოიხილეს დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობა საქართველოში.
გიორგი მარგველაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალური დივანი საქართველოში მოიწვია.