ევროპას სჭირდება კონფლიქტის წარმატებით მოგვარების მაგალითები

27/04/2016

ევროპას სჭირდება კონფლიქტის წარმატებით მოგვარების მაგალითები, – ამის შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროპას არ სჭირდება გადაუჭრელი კონფლიქტები მის სხვადასხვა ნაწილში.

”ევროპის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია კონფლიქტების მშვიდობიანი, თანმიმდევრული და მდგრადი მოგვარება სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებით. ევროპას სჭირდება კონფლიქტის წარმატებით მოგვარების მაგალითები. ეს მაგალითი სჭირდება პოსტ-საბჭოთა რეგიონს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეს, განსაკუთრებით კავკასიის რეგიონს, სადაც გადაუჭრელი კონფლიქტებია და შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი რისკები. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამგვარი მაგალითის გამტკიცებისთვის და გამოვიყენოთ უკვე გამოცდილი სამშვიდობო რესურსები. ამიტომ, მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რასაც დღეს მსოფლიო, კერძოდ ევროპა და ჩვენი რეგიონი აწყდება – აუცილებელია კონფლიქტის მოგვარების მდგრადი და სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერის გაგრძელება“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, მაშინ როცა ამ რეგიონების რუსიფიკაციისა და რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის დინამიკა მაღალია დროის დაკარგა არ შეიძლება.

„ამაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში გაცოცხლებული სპეკულაციები სამხრეთ ოსეთში ე.წ.რეფერენდუმის ჩატარების და რუსეთთან მიერთების თაობაზე, რასაც აშკარად მორიგი პროვოკაციის ხასიათი აქვს“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა აქვე მადლობა გადაუხადა EUMM-ს არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის.

„მნიშვნელოვანია თქვენს მიერ ჩვენი ჩართულობის პოლიტიკის მხარდაჭერა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, რომელიც 2008 წლის შემდგომ ერთადერთი საერთაშორისო აქტორია ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო მისიას დღემდე არ ეძლევა საშუალება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს შესვლის და, შესაბამისად, მანდატის სრულყოფილად განხორციელების, მისია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ფაქტორია. მანდატის სრულად განხორციელება კი ჩვენს საერთო დღის წესრიგში რჩება და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების მთავარი კომპონენტია“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0