ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში მოისმინა. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ ევროინტეგრაციის კომიტეტი პირველად შეხვდა და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროკავშირის საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთვის.
„ამ ეტაპით ნამდვილად იწყება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევადი პროცესი. ეს მოვლენა ნამდვილად არის ქართველი ხალხის ისტორიული ნების გამარჯვების ზეიმი, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასება და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების მხრიდან გამბედაობა, რამაც საფუძველი დაუდო ევროპის ახალი ისტორიის დასაწყისს“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ხაზი გაესვა ახალი რეალობის გათვალისწინებით მუშაობის გაგრძელებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს: „ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების ახალი ეტაპი თვისობრივად ცვლის პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის საქმიანობასაც და თუ ამ დრომდე კომიტეტის ძირითადი მუშაობა საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებას უკავშირდებოდა, ამ ეტაპიდან ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები, რასაც პარლამენტის მუშაობა შეეხება, ბევრად უფრო ფართო იქნება, ვიდრე მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაა”.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიში კომიტეტის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიამ გააცნო. მან ისაუბრა ასოცირების შეთანხმების შესრულების ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის სხვადასხვა სექტორების მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა 12 პრიორიტეტის განხორციელებისთვის გაწეულ ძალისხმევაზე და უპასუხა კომიტეტის წევრების კითხვებს.
„ბოლო ერთი წლის მანძილზე, ინტენსიური მუშაობა განხორციელდა ევროკავშირის ინსტიტუციებსა და დედაქალაქებში საქართველოს მიერ გაწეული პროგრესის შესახებ კომუნიკაციისა და შესაბამისი მხარდაჭერის მობილიზაციის მიზნით“, – აღნიშნა თეიმურაზ ჯანჯალიამ და კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ, რაც უკავშირდებოდა საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.