„გვსურს ჩვენს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, ამ გეგმის მე-4 პუნქტის შესასრულებლად, დღეს მმართველი გუნდი ვაინიცირებთ ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს“, – ამის შესახებ იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო.
„შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ამ მიზნით, აღნიშნული ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციული საბჭოს. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ანრი ოხანაშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები, მთლიანობაში, ემსახურება ევროკომისიის 12-პუქტიანი გეგმის მე-4 პუნქტის შესრულებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებას.
„ჩვენ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში, დღესვე წარვადგენთ ამ ინიციატივას მხარდაჭერისთვის და კომიტეტი უახლოეს მომავალში დაიწყებს ამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე საკომიტეტო მოსმენებს“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
აღნიშნული ცვლილებების პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.