ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია არის სწორი, დროული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

22/11/2023

„მივესალმები საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს, პლატფორმის წარმომადგენლებს. ჩვენ უკვე მესამედ ვიკრიბებით ამ ფორმატში, იმისათვის, რომ განვიხილოთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხები. მსურს, მოგილოცოთ 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია და მადლობა გადაგიხადოთ იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ამ ფორმატში გვქონდა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კონფერენციის – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გახსნისას.

პარლამენტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა დღეს მესამე ერთობლივ კონფერენციას მართავენ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია არის სწორი, დროული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

„ეს არის მათ შორის ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგი, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ერთ-ერთი ხელშესახები შედეგი რაც გვქონდა, ეს არის თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა პარლამენტის და პლატფორმის მხრიდან. მემორანდუმის საკითხი ხაზგასმით და განსაკუთრებით აღინიშნა ევროკომისიის რეკომენდაციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრებს, მის ხელმძღვანელს, ნინო ჩხობაძეს მადლობა გადაუხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, დღეს, ერთი მხრივ, გვაქვს ევროკომისიის რეკომენდაცია, მეორე მხრივ კი, ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას.

„დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელსაც ქართველი ხალხი უკვე წლებია ელოდება. იმედი გვაქვს, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება. ამ რეკომენდაციით, რომელიც 12 პუნქტს შეეხებოდა, იხურება ერთი კარი კანდიდატობასთან დაკავშირებით, ამავე დროს გაიხსნა მეორე კარი თუ ფანჯარა მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, რისთვისაც 9 რეკომენდაციაა წარმოდგენილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, დღეს საუბარი იქნება ასევე ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე, რომლის პრეზენტაციაც კონფერენციაზე მოხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0