ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პირველი ენერგეტიკული დიალოგი დაიწყო

16/11/2023

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა დიალოგის ფორმატში პირველი შეხვედრა გამართეს. როგორც აღინიშნა, ევროკავშირისა და საქართველოს მაღალი დონის ენერგეტიკულ დიალოგის დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გადამწყვეტი ეტაპის გათვალისწინებით. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარ კადრი სიმსონსს ამ პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ახლა საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით გადამწყვეტი ეტაპია არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სფეროშიც.

„ეს გადაწყვეტილება ჩვენი საერთო ღირებულებების, გამძლეობისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ურყევი ერთგულების დასტურია. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და, ასევე, მდიდარი ენერგეტიკული რესურსები გვაქცევს მნიშვნელოვან აქტორად რეგიონულ ენერგეტიკულ ლანდშაფტში. მზად ვართ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ევროკავშირის ამბიციური ენერგეტიკული მიზნებსა და ევროპის მწვანე შეთანხმებასთან შემდგომი თანხვედრისთვის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ევროკომისართან საუბრისას.

მაღალი დონის პირველ ენერგეტიკული დიალოგის დაწყებას წინ უძღოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ენერგეტიკული კანონმდებლობის, რეგულაციებისა და ენერგოპოლიტიკის, ასევე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დახვეწის მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მსხვილ, მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტზე.

„ეს ინიციატივა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ინფრასტრუქტურის განვითარება; ეს არის ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციისა და ურთიერთდაკავშირებულობის სიმბოლო. საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ქსელთან უშუალო დაკავშირებით, ეს კაბელი არა მხოლოდ გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და მრავალფეროვნებას, არამედ იქნება განახლებადი ენერგიის გაცვლის არხი და ჩვენი რეგიონის უფრო გამძლე, მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0