ევროკავშირმა ბოლნისის მერიის საქმიანობა საუკეთესოდ შეაფასა

02/07/2019

ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელი პიტერ კორსბი ესტუმრა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან ბოლნისის მერიის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მერს დავით შერაზადიშვილს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დაახლოებით ორი წლის წინ, ბოლნისი ჩვენი პროექტით დაინტერესდა და სურვილი გამოთქვა მის განხორციელებაში თავისი წვლილი შეეტანა. მე სხვადასხვა ქვეყანაში მრავალ პროექტში მიმიღია მონაწილეობა და ხშირად ხალხს არ ესმის იმ შესაძლებლობების შესახებ რაც შეიძლება მათ ამ ღონისძიებამ მისცეს. ბოლნისმა დასაწყისშივე დიდი ინტერესი გამოთქვა და მივხვდით, რომ მათ სურდათ პროექტში ჩართვა და საქმის კეთება. ახლა შეგვიძლია კონკრეტულ შედეგებზეც ვისაუბროთ. ბოლნისს უკვე აქვს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც მსოფლიო ბანკმა დადებითად და ერთ-ერთ საუკეთესო გეგმად შეაფასა, რაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი მოვლენაა ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის. დაახლოებით ერთი წლის წინ მივიღეთ გრანტი და გავიმარჯვეთ კონკურსში, რომელშიც 150 მსგავსი პროექტი იყო წარდგენილი და მხოლოდ რამდენიმე დაფინანსდა და მათ შორის ერთ-ერთი იყო ბოლნისი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მონდომებისა და ამ პროექტზე მომუშავე ადამიანების ძალისხმევის შედეგია ის, რომ თანამშრომლობა შედგა და ეს ფორუმიც ამ საქმის ერთ-ერთი ნაწილია. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლნისი დიდი შთაგონების წყაროა არამხოლოდ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებისათვის, არამედ სხვა ქვეყნებისათვისაც. ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველი ერთეულების, ადგილობრივი ხელისუფლების სიძლიერე, მათი განვითარება. ჩვენ ხშირად გვსმენია სტრატეგიების დეცენტრალიზაციის შესახებ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშიც. სწორედ ახლა არის დრო ამ სტრატეგიების განხორციელების, პასუხისმგებლობებისა და ფინანსების მიცემის თვითმმართველი ერთეულებისათვის“ , – განაცხადა პიტერ კორსბიმ.

საერთაშორისო ფორუმი „ადგილობრივი ხელისუფლება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 13-14 ივნისს გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0