ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეების ბრიფინგი გაიმართა

20/09/2017

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომის შედეგები, კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა თამარ ხულორდავამ და საჯად კარიმმა მედიის წარმომადგენლებთან დღეს გამართულ ბრიფინგზე შეაჯამეს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ერთობლივი კომიტეტის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის ორგანო, რომელიც ზედამხედველობს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესს და საქართველო-ევროკავშირის დაახლოებას უწყობს ხელს.
თამარ ხულორდავა: „მეხუთე სხდომის ფარგლებში ჩვენ მიმოვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აქტუალურია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაში, ვისაუბრეთ ასოცირების განხორციელების საკითხებზე, ასევე რეფორმებზე, რომელიც პოლიტიკური და დემოკრატიული პროცესისთვის არის მნიშვნელოვანი, შევეხეთ ეკონომიკურ რეფორმებს და როგორც ყოველთვის, დრო დავუთმეთ საქართველოში არსებული კონფლიქტების თემას.
ჩვენი მუშაობის შედეგად, ერთხმად მივიღეთ რეზოლუცია – საბოლოო დოკუმენტი, რომელშიც ჩვენი მუშაობის შედეგები აისახა. ამ განცხადებაში საუბარია თუ რა მიმართულებით არის პროგრესი ქვეყანაში. მივესალმებით იმას, რომ პარლამენტი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ევროინტეგრაციულ პროცესებში და ამ მხრივ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობას ახორციელებს“.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადების იმ ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზეა საუბარი.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ რუსეთს, რომ აღიკვეთოს ქმედებები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება. ამ მხრივ ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ბოლოს და ბოლოს შეძლებს, რომ მისი მანდატი სრულად აღასრულოს და ეს მანდატი გავრცელდება არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
ასოცირების შეთანხმების საკითხებზე საუბრისას, ერთობლივი კომიტეტის თანათავმჯდომარემ პარლამენტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე და ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესზე ისაუბრა და ყურადღება გარემოზე ზემოქმედების კოდექსზე და სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებაზე გაამახვილა.
თამარ ხულორდავა აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტს და მის შესაძლო შედეგებსაც შეეხო.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამიტის შედეგები იყოს ხელშესახები, რომ ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად მივაღწიოთ რეალურ ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში და ევროპულ სივრცეში. ამისთვის ევროპულ პროგრამებში მეტი მონაწილეობა გვჭირდება – ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, მაგრამ გვაქვს სურვილი ეს თანამშრომლობა სააგენტოებში მონაწილეობის სახით, პროგრამებში მონაწილეობის სახით, ახალი ევროპული ინსტრუმენტის შექმნის სახით, რომელიც მეტად ასახავს და მეტად გამოეხმაურება ჩვენს საჭიროებებს, დაფიქსირდეს ჩვენს ერთობლივ პოზიციაში“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0