საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა და ევროკავშირის ელჩმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე: “დღეს ხელი ეწერება მნიშვნელოვან ფინანსურ ხელშეკრულებას – ფორმდება შეთანხმება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის სესხის სახით 250 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ.
ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისათვის, რომ უფრო აქტიურად განვავითაროთ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ ვაფასებთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობას. სწორედ ევროპის საინვესტიციო ბანკი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის და მასთან გამორჩეული ურთიერთობის ისტორია გვაკავშირებს. ევროკავშირის ფინანსურმა მხარდაჭერამ სწორედ ევროპის საინვესტიციო ბანკის გავლით უკვე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს საგზაო დერეფნის განვითარების თვალსაზრისით ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციები. ასევე მსურს, აღვნიშნო ბანკის ფინანსური წვლილი სატრანსპორტო კომუნიკაციის, საგზაო და მათ შორის წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე, როგორიცაა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ, აღნიშნული მაგისტრალები საქართველოს საგზაო-სატრანსპორტო ხერხემლის მნიშვნელოვან მონაკვეთებს წარმოადგენს და ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპის საინვესტიციო ბანკის გადაწყვეტილებას, გაზარდოს ოპერაციების მოცულობა კერძო სექტორში და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას.
დღევანდელ შეხვედრაზე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს ვთხოვე, გვქონდეს მეტი წვდომა ე.წ ინოვაციური პროგრამებისა და პროექტების დასაფინანსებლად. ჩემი მთავრობისთვის განათლების სექტორის რეფორმა ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, შესაბამისად მასთან ასოცირებული პროექტების განვითარებას, ტრადიციული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, დიდ ყურადღებას ვუთმობთ. დარწმუნებული ვარ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით შევძლებთ, ამ მიმართულებით მეტი ევროპული კომპანია მოვიზიდოთ. ამასთან ერთად, ჩვენ ვსაუბრობთ ახალი ფინანსური მექანიზმების შექმნაზე, რომელიც დაგვეხმარება, გავზარდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში. იმედი მაქვს, ბანკი კვლავაც გააგრძელებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას, რომელთა მიზანია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ინკლუზიური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და რაც ყველაზე მთავარია თითოეული ჩვენგანისთვის – სიღარიბის დაძლევა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელობას დიდი მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ძალიან კარგ მეგობარს, ვაზილ ჰუდაკს, იმ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს მისამართით. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია”.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი: “დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო საქართველოში მოწვევისთვის. საქართველოში სტუმრობა ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია, ვინაიდან ვხედავ, რომ ქვეყანა დინამიურად ვითარდება და რეგიონში ლიდერია. ევროპის საინვესტიციო ბანკი გახლავთ ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტი და ჩვენი საქმიანობა ადასტურებს იმას, რომ საქართველო უფრო დიდი ევროპული სივრცის ნაწილია. 250 მილიონი ევროს გამოყოფა ახალი გზების მშენებლობისა და არსებულის რეაბილიტაციისთვის, ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებისთვის, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქარი მაგისტრალის განვითარებას გულისხმობს, საქართველოს მისცემს საშუალებას, ევროპას კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს, გამოიყენოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა და პოტენციალი ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად. ჩვენ ძალიან დიდი სიხარულით ვუწყობთ ხელს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას, როგორიცაა გზები, რკინიგზა. გვსურს, კიდევ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. პრემიერმა განაცხადა, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ მიმართულებით, ადამიანური კაპიტალის, ისტორიის, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო და რეგიონში ინოვაციური ლიდერია. აქედან გამომდინარე, დიდი სიხარულით ვერთვებით ამ ინიციატივაში და მომავალში კიდევ უფრო მეტ ინოვაციურ პროექტს დავუჭერთ მხარს, ხელს შევუწყობთ ინვესტიციებს, ევროკავშირის სამეწარმეო-ეკონომიკური სუბიექტების ჩართულობას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში და ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ხელშეკრულების მომზადებაში ჩართულ გუნდს, საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს. მისი უწყება არის ჩვენი ინსტიტუციური დახმარების ბენეფიციარი და მივესალმებით ამ თანამშრომლობას. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან. მადლობა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, რომელიც ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორია. ყველას დიდ მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის და აღვნიშნავ, რომ 250 მილიონი ევროს მოცულობის სესხი არის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტის – 6,1 მილიარდი ევროს ფარგლებში, რომელიც ევროკომისიის გადაწყვეტილებით გამოიყო. ამისთვის ევროკავშირის ელჩს დიდ მადლობას ვუხდი”.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი: “ევროკავშირი საქართველოს პარტნიორია და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის 100 კილომეტრი განახლდება. ეს არის საქართველოს საგზაო ხერხემლის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კიდევ დამატებით 100 კმ გზა განვითარდება და სამგზავროდ უფრო უსაფრთხო იქნება. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონის სატრანზიტო ცენტრის სტრატეგიული ფუნქციის განხორციელებას. ეს ასევე ნიშნავს სამშენებლო სექტორში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ 6,1 მილიარდი ევროს მოცულობის ტექნიკურ საგრანტო დაფინანსებას გამოვყოფთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ახალ ინვესტიციებს, გავაძლიეროთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაძლებლობები, რათა მან ქვეყანაში უფრო მასშტაბური პროექტები განახორციელოს. ამით ჩვენ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ საქართველოს გზებზე საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოებაში. მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი შეთანხმების გაფორმება და მოუთმენლად ველოდები ჩვენს მომავალ თანამშრომლობას”.