ევროკავშირის ელჩებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის წინააღმდეგობის გამო დღესაც გადადეს

08/06/2016

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის წინააღმდეგობის გამო გადადეს. როგორც ცნობილი ხდება, დღეს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) სხდომაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზე კვლავ იყო მსჯელობა, თუმცა საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ ამ პროცესის წინწაწევას მხარი არ დაუჭირეს.
კომიტეტის სხდომაზე გერმანიის წარმომადგენელმა ასეთი პოზიციის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა გერმანიაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების გაძლიერება.
მისი თქმით, ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები საზოგადოების შეშფოთების მიზეზი გახდა.
კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა განცხადება, რომ სანამ ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პროცედურები გაგრძელდება, იქამდე თბილისმა ამ პრობლემის გადაწყვეტაში დახმარების საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები 10 ივნისს იმსჯელებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0