,,ეგრისობა’’ – 2016

07/11/2016

დღეს, სენაკში, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, ქუჯის ისტორიულ ციხე-ქალაქში, გაიმართა ეგრისობის სახალხო დღესასწაული, რომელიც სამი წლის წინ, 26 წლიანი პაუზის შემდეგ, აღდგა, როგორც საქართველოს ერთიანობის ერთგვარი სიმბოლო, როგორც მისი ძირძველი კუთხის კოლორიტის, ნიჭიერების, მარად განახლებადი უტეხი სულის წარმოჩენის შესაძლებლობა. დღესასწაული ლიტერატურულ-მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიციით დაიწყო სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისა და სახალხო-ქორეოგრაფიულ ანსამბლ ..კუჩხიბედინერის’’ მონაწილეობით. კომპოზიციის დასრულების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ სახალხო დღესასწაულის მონაწილეებს ტრადიციულად წარუდგინა სენაკის საპატიო მოქალაქეები. სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ – გამოჩენილ ქართველ მწერალს, ქართული კულტურის დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს – გურამ ოდიშარიას; გამოჩენილ არქიტექტორს – აკადემიკოს ვახტანგ დავითაიას; თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ პოეტს – ვასილ ბესელიას; საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების დამფუძნებელს – დავით კილასონიას; დამსახურებულ ჟურნალისტს, წლების მანძილზე გაზეთ ,,კოლხეთის’’ მთავარ რედაქტორს, საზოგადოება „სენაკელის“ თავმჯდომარეს – რეზო ჯანჯღავას და მსოფლიოში ცნობილ კალათბურთელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს – ზაზა ფაჩულიას. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სენაკის საპატიო მოქალაქეებმა, ზაზა ფაჩულიას დედამ – მარინა კობახიძემ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, პროფესორმა დავით ლომიტაშვილმა და მედიაპროექტ ,,ეტალონის’’ ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა. ფესტივალის ბოლოს, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი საესტრადო, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. საგანგებოდ მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეებში წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები, შემოდგომის ნობათი, სენაკის მკვიდრის, გამოჩენილი მხატვრის რეზო ადამიასა და სენაკის სამხატვრო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ნახატების გამოფენა. ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობდა ყველის ფესტივალი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0