სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ტრენინგ-სემინარი სახელწოდებით „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. თეა ახვლედიანმა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონში მცხოვრებ ქალებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფო უწყებების, მუნიციპალური სერვისის “ქალთა ოთახი”-ს წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები არიან, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები, მიღწეული შედეგები და ამ პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის დასახული გეგმები გააცნო. სახელმწიფო მინისტრმა, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში, ქალების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების, ქალთა როლის გაზრდისა და მათი ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერება გამჭოლ პრიორიტეტს წარმოადგენს.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ორდღიანი სემინარის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ექსპერტებისგან მოისმინონ და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ დანერგილი და მოქმედი მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიც არის ქალთა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. თეა ახვლედიანმა ასევე მიმოიხილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესში დეზინფორმაციის მიმართულებით არსებული გამოწვევები, ხაზი გაუსვა როგორც ამ კუთხით უწყების მიერ გაწეულ ძალისხმევას, ასევე დაგეგმილ სამომავლო ღონისძიებებს და აღნიშნულ პროცესში ქალების განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სახელმწიფო მინისტრმა სემინარის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ქალთა როლისა და ჩართულობის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა. სემინარი „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობითა და ევროკავშირის (EU), შვედეთისა და ნორვეგიის მხარდაჭერით გაიმართა. მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ და სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბესიკ ამირანაშვილმა.
„დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება გავხსენით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონის წარმომადგენელი ქალებისთვის, რომლებიც იმთავითვე ძალიან მნიშვნელოვან მისიას ახორციელებენ თავიანთ რეგიონებში ქალთა გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხების წარმოსაჩენად. ორდღიანი ტრენინგ-სემინარის ფარგლებში, მათ მიეცემათ კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო აიმაღლონ ცნობიერება, გააღრმაონ უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ უფრო მეტად წაახალისონ და მხარი დაუჭირონ ქალთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას, ქალთა გაძლიერებას, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.