სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეასრულებს. საზეიმო ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევა, ანუ დიდი აიაზმა ხდება. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ.
წყალკურთხევის რიტუალს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეასრულებს. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგან მაცხოვრის ნათლისღებისას ქვეყნიერებას ერთარსება ღმერთის სამგვარობა გამოეცხადა.
ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და იგი უხრწნელების თვისებებს იძენს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები. ის მაკურნებელი ძალისაა.
ნათლისღებით ძველი სჯული დასრულდა და დასაბამი დაედო ახალს. ქრისტემ წყლით და სულიწმიდით ცოდვებისგან დამძიმებული კაცის ბუნება განაახლა.