დღეს ბევრი ისე ხატავს სიტუაციას, თითქოს “გაზპრომი” ჩვენ გამოვძებნეთ

13/01/2016

დღეს ძალიან ბევრი ისე ხატავს სიტუაციას, თითქოს “გაზპრომი” ჩვენ გამოვძებნეთ და მასთან მოლაპარაკებები ახლა დაიწყო, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებების გარშემო განვითარებულ მოვლენებს. უსუფაშვილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო “გაზპრომთან” ხელშეკრულებით ურთიერთობებში იმყოფება და ამ ხელშეკრულებას აქვს პირობები და ვადები. “საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს საკუთრებაში არსებულ მილსადენში, რომელიც მოხერხდა და თავის დროზე არ მიეყიდა რუსეთს, რაზეც რამდენიმე წლის წინ წინა ხელისუფლება საუბრობდა, გადის გაზი. ეს გაზი სომხეთს მიეწოდება. ამასობაში, ამ გაზის ოპერირების პირობები, საქართველოს მიერ ტრანზიტის საფასურის მიღების ვადები და პირობები აუცილებლად მოსალაპარაკებელია, ამიტომ მოლაპარაკების ფაქტში რა სიახლე და პრობლემაა, მე ეს არ მესმის”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთიდან საქართველო აღნიშნული ტრანზიტის მეშვეობით გაზს ყოველთვის იღებდა.

“ეს არ არის ახალი გაზი – აქ შეიძლება იყოს ცოტა მეტი გაზი, ან ცოტა ნაკლები გაზი, მაგრამ რუსეთიდან გაზს ჩვენ ყოველთვის ვიღებდით. არც ერთ ექსპერტს, ჟურნალისტს, წინა მთავრობის წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ჩვენ რუსული გაზი არ უნდა მივიღოთ. 2011, 2010, 2009, 2008 წელს რუსული გაზი არავის ჩაუკეტავს და არ უთქვამს, რომ ჩვენს ენერგოსისტემაში იმდენად ბევრი გაზია, რომ ის საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ხვალაც და ზეგაც. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი და პარტნიორი იყო და რჩება აზერბაიჯანი. რაც შეეხება დამატებით სარეზერვო საშუალებებს, იქნება ის თურქეთიდან, ირანიდან თუ რომელიმე სხვა ქვეყნიდან, ეს შესაძლებლობები და ვარიანტები საქართველოს უნდა ჰქონდეს”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი. რაც შეეხება “გაზპრომის” თემაზე პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის დაბარების და საკომიტეტო მოსმენის გამართვის მოთხოვნას, ამასთან დაკავშირებით უსუფაშვილი განმარტავს, რომ როდის, რა თემაზე ჩატარდება მოსმენა ამას თავად კომიტეტი წყვეტს და თუკი პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი საჭიროდ ჩათვლის აღნიშნულ საკითხზეც მოიწვევს სხდომას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0