ქალაქ რუსთავში არსებული პრობლემების შესწავლისა და მოგვარების მიზნით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მუნიციპალურ პრობლემატიკაზე შექმნილმა ინტერუწყებრივმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობს, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
„ფორმატი, რომლის ფარგლებში დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, არის ახალი და საჭირო. მსურს მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ამ ფორმატის მხარდაჭერისათვის, რადგან დღეს, კომიტეტის ამ სხდომაზე, საზოგადოებას შეუძლია ნახოს, თუ როგორ მუშაობს საპარლამენტო დემოკრატია. როცა საზოგადოების წინაშე იქმნება ღია მმართველობის მაგალითები, როცა პარლამენტი განსაზღვრავს პოლიტიკას და დღის წესრიგს და ამ პოლიტიკის ფარგლებში მთავრობა და აღმასრულებელი ხელისუფლება წარმართავს საქმიანობას, რომ ამ ინსტიტუციური სინქრონულობით კარგად იქნას წარმოდგენილი და წარმოჩენილი მოქალაქეთა ნება, რადგან საპარლამენტო დემოკრატიის კონსტიტუციურ, ანუ თეორიულ მონაპოვარს სჭირდება პრაქტიკაში განმტკიცება“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ სხდომის გახსნისას.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამუშაო მხოლოდ დღევანდელი სხდომით არ დასრულდება და ეს არ იქნება მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტის საკითხი. ჯგუფი დარგობრივი საჭიროებების მიხედვით, სხვა ქალაქების თაობაზეც გააგრძელებს მუშაობას. მისი თქმით, პრობლემები არის, შესაბამისად სამუშაოც, თუმცა ეს ვერ გახდება საბაბი და საფუძველი უკან დახევის.
„არჩეულებსაც და დანიშნულებსაც გვმართებს უფრო მეტი და სათანადო ძალისხმევა გამოვავლინოთ, პრობლემებს ჩავხედოთ თვალებში, გამოვიჩინოთ პროფესიონალიზმი, რათა დავსახოთ სწორი გეგმა პრობლემების გადასაჭრელად და გვეყოს ძალა საქმის ბოლომდე მისაყვანად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ კომიტეტის შესაძლებლობები ხალხის წინაშე არსებული პრობლემების დასაძლევად და ხალხის მხარდასაჭერად, იმისთვის, რომ ბოლომდე ავამუშავოთ ყველა პოლიტიკური ბერკეტი და შესაძლებლობა ხალხის დასახმარებლად. ჩვენი მოქალაქეები კი სწორედ მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ და სწორი მუნიციპალური პოლიტიკით სწორედ მოსახლეობას გამოვუცხადებთ მხარდაჭერას,“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია ქალაქ რუსთავის პრობლემების შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ გააცნო და დეტალურად ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა დროული გადაწყვეტა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსთაველებისათვის. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაგროვილ მრავალ პრობლემათაგან, განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა მოქალაქეთა საცხოვრებელი ფართების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის (პრივატიზაციის) საკითხი, ასევე იაღლუჯის ქედის ქ. რუსთავის მოსაზღვრე ნაწილის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრების განსაზღვრა-დაზუსტების და მისი რუსთავთან მიერთების დარეგისტრირების, იაღლუჯის მთის მასივზე და სხვა ლოკაციებზე არსებული მიწის ნაკვეთების მებაღეობის წევრთათვის გადაცემის საკითხები. მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ქალაქისთვის საჭიროა ახალი საინვესტიციო ინექციები და მსხვილი კაპიტალური პროექტები, რადგან ბოლო წლებში აშკარად შეიმჩნევა ეკონომიკური აქტივობის მკვეთრი შენელება, სამუშაო ადგილების კლება, უმუშევრობის ზრდა და შესაბამისად, სოციალური ფონის უკიდურესი დამძიმება. მისივე თქმით, რუსთავში ბოლო ხანს მეტად აქტუალური გახდა ეკოლოგიური პრობლემები, ქალაქში სამრეწველო საწარმოებისა და მათ მიმდებარე დასახლებულ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საკითხი. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული რუსთავში, რომელიც პირველ მშენებელთა უძველეს დასახლებას წარმოადგენს და ინფრასტრუქტურული გარემოც მნიშვნელოვნად დაზიანებულია, რასაც ემატება ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილება ამ უბანში სასჯელაღსრულების ახალი ობიექტის – საპატიმრო დაწესებულების აშენების შესახებ, რის გამოც სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამს მოსახლეობა. როგორც პაატა მხეიძემ აღნიშნა, არაერთი პრობლემის მიუხედავად, რუსთავს გააჩნია სერიოზული რესურსი კვლავ გახდეს სამრეწველო-ინდუსტრიული ქალაქი, რისთვისაც საჭირო იქნება მაღალპროფესიული კადრების მომზადება. რუსთავში სულ ახლო წარსულში არსებობდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალი, რომელიც ადგილზე ამზადებდა საინჟინრო კადრებს მეტალურგიული, ქიმიური მრეწველობის საწარმოებისთვის და სამშენებლო კომპლექსისთვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა იფიქროს ამ პროფილის უმაღლესი სასწავლებლის რუსთავში აღდგენაზე. დეპუტატის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალაქისათვის უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას და იმ კომპლექსურ ღონისძიებათა განხორციელებას, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე მდგარი მთელი რიგი სამართლებრივი, ქონებრივი, სოციალური და ადმინისტრაციული ხასიათის პრობლემების გადაწყვეტა, რაც ერთობლივი ძალისხმევით ნამდვილად შესაძლებელია. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, რუსთვის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ტაბაღუა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს უფროსი გიორგი დუგლაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი. მათ თავიანთი დარგობრივი მიმართულებებით გააკეთეს განმარტებები მომხსენებლის მიერ წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით. დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხებზე მუშაობას კომიტეტი მომავალშიც გააგრძელებს თითოეული პრობლემის ამოწურვამდე.
„პრობლემების სპექტრი ფართოა და შეუძლებელია მათი ერთიანად, სწრაფად, სრულად ამოწურვა და მოგვარება, მაგრამ მუშაობის ეს ფორმატი, როდესაც პრაქტიკულად ყველა უწყება, საკანონმდებლოც და აღმასრულებელი ხელისუფლებაც სინქრონულად მუშაობს და მათ ხელთ არსებულ რესურსებს იყენებს, მიმაჩნია, რომ არის ყველაზე მოკლე გზა პრობლემების მოგვარებისთვის“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.