დღეიდან წვევამდელთა საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

01/08/2017

დღეიდან წვევამდელთა საშემოდგომო გაწვევა დაიწყო დღეიდან 2017 წლის საშემოდგომო გაწვევა დაიწყო, რომელიც 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.
18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს მთავრობის №366 დადგენილების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1500-ით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1225-ით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1280-ით.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 20-ით.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება“, – აღნიშნულია დადგენილებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0