დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ

16/07/2019

დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საკითხს დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც დიფერენცირება იხსნება.

„ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ხარჯი, ე.წ ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის არის ძალიან მაღალი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება. დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტებზე, რომელიც ძირითადად მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებისას, ეს გახლავთ გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები. მე საზოგადოებას ვპირდები, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი შეჭირვებული მოქალაქეებისთვის ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის იყოს მინიმალური და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ”. – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0