დღეიდან, 11 აპრილიდან, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. მინდა ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო და შემდეგ, ბატონი მინისტრი თავად ახსნის ამ ინიციატივის არსს. დღეიდან, ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიღაც კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ფარმაცევტი მომხმარებელს, ჩვენს მოქალაქეს გენერიკული მედიკამენტების ე.წ. პოზიტიური სიიდან 3 ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. ეს იქნება მისი ვალდებულება. მას შემდეგ, რაც ექიმი გამოწერს ამ რეცეპტს, შემდეგ ფარმაცევტი ვალდებული იქნება, რომ მოქალაქეს შესთავაზოს 3 ყველაზე იაფი წამალი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოქალაქე თავად გადაწყვეტს, თუ რომელი წამალი შეიძინოს. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომლებიც ექიმების მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად, მაგრამ არსებობს ეს პრობლემები და იყო, უნდა ვაღიაროთ, ექიმების, ფარმაცევტების მხრიდან, შესაძლო, ბრენდული, კონკრეტული კომპანიების, თუ მწარმოებლების, მედიკამენტების ლობირება, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა იქნება დაზღვეული. ამით პრაქტიკულად აღმოიფხვრება ეს რისკი და ეს პრობლემა მოგვარდება. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რეცეპტების გენერიკებით გამოწერის ვალდებულება მოქმედებს ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში.
„ეს არის ჩვენი მოლოდინი და ჩვენს მომხმარებლებს, ჩვენს მოქალაქეებს სამართლიანად შესთავაზებენ მედიკამენტებს. ბატონი ზურა აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, დარგის სპეციალისტებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან. ეს ყველაფერი გავლილია მათთან და დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული რეფორმა იქნება ძალიან წარმატებული და რაც მთავარია, ჩვენს ხალხს, მათ კეთილდღეობას წაადგება და მათ ჯიბეზე, მათ დანახარჯებზე აისახება ეს ყველაფერი, ნაკლები დანახარჯები ექნებათ მედიკამენტებზე. არაერთი ინფორმაცია მივიღეთ, რომ თუ ადამიანს კონკრეტული მედიკამენტის შეძენაში ეხარჯებოდა თვეში 300-400-500 ლარი, ახლა ეს თანხა არის განახევრებული კი არა, კიდევ უფრო შემცირებული, 60-70-80%-ით არის შემცირებული ფასები, რაც დამერწმუნებით, რომ მართლაც ძალიან კეთილი საქმეა და კიდევ ერთხელ მინდა, რომ მადლობა ვუთხრა ზურას და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. აქვე მინდა ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, რომ აღნიშნული რეცეპტების გენერიკებით გამოწერის ვალდებულება მოქმედებს ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში, ევროპაში, ამერიკაში, პრაქტიკულად ყველგან. მე თავად მინახავს და ალბათ თქვენ, ვისაც გქონიათ საშუალება, შემთხვევა, როდესაც მედიკამენტებს ყიდულობთ ევროპაში, ამერიკაში, გთავაზობენ რამდენიმე ვარიანტს და თავად ირჩევს მომხმარებელი, რომელი შეიძინოს – ძვირიანი, იაფიანი, ნაკლებად იაფიანი და ა.შ.”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება დაეხმარება უკვე დაწყებულ პროცესს – თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას, რომლის შედეგადაც დაახლოებით 200-მდე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი დღეს 60-70 %-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი და ზოგადად, ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.
„კარგად იცით, რომ რამდენიმე თვის წინ მე და ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა დავიწყეთ ძალიან საინტერესო პროცესი, რეფორმა, პირველი ეს უკავშირდებოდა მედიკამენტების ფასების შემცირებას. მოგეხსენებათ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო და ჯერ კიდევ რჩება მაღალი ფასები მედიკამენტებზე, თუმცა პრაქტიკულად უკვე ამოწურულია ეს საკითხი, მოგვარებულია. გახსოვთ ალბათ, როდესაც დავიწყეთ საუბარი, დიდი ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, ყველაზე არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვისმინეთ კრიტიკული გამონათქვამებიც, უსამართლო კრიტიკაც, სკეპტიციზმიც, ძალიან ბევრი ოპონენტისგან, რომ ეს მიუღწეველი იყო, შეუძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით და ძალიან მალე, მას შემდეგ რაც გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რომელიც აწარმოებს ძალიან მაღალი ხარისხის და ამავდროულად იაფიან მედიკამენტებს, დაიწყო ამ მედიკამენტების შემოტანა საქართველოში და დღეს 60-70 %-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი დაახლოებით 200-მდე მედიკამენტი, ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები, ჩვენ ამაზე გავაკეთეთ აქცენტი. თორემ ბუნებრივია, ჩვენს სისტემაში 10 000-ზე მეტი მედიკამენტია დარეგისტრირებული, მაგრამ რაც ყველაზე მოთხოვნადი იყო, სწორედ, მათზე გავაკეთეთ ფოკუსირება და კონცენტრირება. ამიტომ დღეს, ჩვენი მოსახლეობისთვის, მოქალაქეებისთვის ასობით დასახელების მედიკამენტი, როგორც აღვნიშნე, ბევრად იაფად, 60-70%-ით ნაკლებ ფასად იყიდება, ვიდრე მანამდე იყო.
ასევე, მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, პირველი მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი, ვალდებულია მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად. ესეც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, და ესეც უკავშირდება სწორედ ამ დაბალი ფასების შენარჩუნებას. ასევე, ჩვენი მიზანია, რომ ზოგადად ფარმაცევტული სფერო იყოს მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და სწორედ, მედიკამენტებზე სამართლიანი ფასები დავაწესოთ,”- აღნიშნა პრემიერმა. გარდა ამისა, დღეიდან, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების რეცეპტი, მატერიალური სახით აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. პრემიერის შეფასებით, ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება.
„გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით 2 თვის წინ, ბატონ მინისტრს მე დავავალე, რომ ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების გამოწერის წესი უნდა გამკაცრდეს და ზოგადად ცირკულაცია ამ ფსიქოტროპული მედიკამენტების. ეს უკავშირდება ნარკომანიას, არაჯანსაღ ცხოვრებას და სხვა უამრავ უბედურებას, რომელიც საბოლოოო ჯამში ჩვენს მომავალ თაობაზე აისახება, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვიყავით და ვართ, რომ ეს საკითხიც დაგვერეგულირებინა. დღეიდან, ამ ჯგუფის პრეპარატების რეცეპტი, მატერიალური სახით, ქაღალდზე აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. ესეც დარეგულირდება. რას ნიშნავს ეს ცვლილება – ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება, როდესაც ადამიანი მიდის და არამიზნობრივად მოიხმარს ამ ფსიქოტროპულებს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და მათი ცხოვრების წესს აუარესებს, ამწვავებს ქვეყანაში ნარკოლოგიურ მდგომარეობას. ფსიქოტროპული მედიკამენტები დაუშვებელია, ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემოდეს. ნებისმიერი სამკურნალო საშუალება პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის რჩევით და ეს უკონტროლო მოხმარება და თვითმკურნალობა, თუ ამას მკურნალობა ჰქვია, ეს დაღუპვა, რიგ შემთხვევაში ადამიანები ისე, ყოველგვარი დანიშნულების გარეშე მოიხმარენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, იწვევს სავალალო შედეგებს. საქართველოში, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე გამკაცრებული წესრიგი მოქმედებს, წამლების გარეშე, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე არის აკრძალული, თუმცა მატერიალური ფორმის რეცეპტით პროცესის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ელექტრონული რეცეპტით მუდმივ რეჟიმში გახდება შესაძლებელი როგორც რეცეპტის გამცემი ფარმაცევტული დაწესებულების, ისე გამომწერი ექიმების გაკონტროლებაც. ესეც ძალიან დაგვეხმარება პროცესის გამჭვირვალობაში, ზოგადად მონიტორინგში. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის სრული სურათის გაციფრულება და მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის მომენტიდან პაციენტზე გაცემამდე მთელი ეს ჯაჭვი, პროცესი რომ გამარტივდეს, ამავდროულად, ზედამხედველობა, მონიტორინგი და გამჭვირვალობა რომ გაუადვილდეს სახელმწიფოს და კონტროლი ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის სრულ პროცესზე რომ იყოს შესაძლებელი. ესეც მოგვარდა, ეს საკითხიც დღეიდან მოგვარდება”, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საკოორდინაციო საბჭომ პროცესი სწორედ მართა და კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია.
„მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ კოვიდი პრაქტიკულად, თითქმის, შეიძლება ითქვას, რომ დამარცხებულია. დღეს ასეა, ყოველ შემთხვევაში ეს სიტუაცია გვაქვს. მაგალითად დღეს 107 შემთხვევა იყო, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც 2 თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. გახსოვთ კარგად, რომ მას შემდეგ, რაც ომიკრონმა დაიწყო ცირკულირება და ჩაანაცვლა სხვა შტამები, მწვანე ბარათები გავაუქმეთ იმიტომ, რომ აზრს კარგავდა აღნიშნული მწვანე ბარათი. მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტისგან კრიტიკა მივიღეთ, რომ ეს როგორ გააკეთეს და ა.შ. სულ რაღაც ორ თვეში ვნახეთ, რომ პროცესი სწორედ იმართა მინისტრის, მთავრობის მიერ, საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამიტომ, ყველაფერი არის სტაბილურად. სისტემას ზოგადად, მართვის თვალსაზრისით არავითარი გამოწვევა არ ჰქონია და დღეს, კიდევ გავიმეორებ, 100 შემთხვევაა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ეს პრობლემა, კრიზისი გადალახულია, ამოწურულია. მოგეხსენებათ, ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, გავამარტივეთ, ნიღბის ტარება გარე სივრცეში მოვხსენით, ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ ამ მიმართულებით. სტრესი და წნეხი, რა თქმა უნდა, მოიხსნება”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.