დუშეთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

27/11/2018

ქალაქ დუშეთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. 2.7 მლნ ლარიანი პროექტის ფარგლებში არსებული ინფრასტრუქტურა სრულად კეთილმოეწყო – შადრევანი, სანიაღვრეები, ბილიკები და პატარა სკვერები მოეწყო, მოპირკეთდა პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. სამუშაოებზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.
ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკი დუშეთის მოსახლეობასთან ერთად მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
მხარის გუბერნატორის განცხადებით, რეაბილიტირებული ცენტრალური პარკი, მიმდინარე და დაგეგმილ სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, ქალაქ დუშეთს უფრო მიმზიდველს გახდის, ამასთან, შესძენს ტურისტულ ფუნქციას.
აღსანიშნავია, რომ დუშეთში მომავალი წლიდან ისტორიული უბნების განახლება იწყება. პროექტი ითვალისწინებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას, სადაც თავმოყრილია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობები. პროექტით, ასევე, განსაზღვრულია ორი, განსაკუთრებული ისტორიული ღირებულების მქონე შენობის – ილია ჭავჭავაძის და ე.წ. „აპრელოვის“ სახლების რეაბილიტაცია. საერთო ჯამში, დაგეგმილია 40 სახლის, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 24 სახლის რესტავრაცია და მათი პირვანდელი სახით აღდგენა.
პროექტი რეაბილიტირებული უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ხელს შეუწყობს, ასევე, გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0