როგორ მიმდინარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება,სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შალვა კერესელიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად დღეს ქალაქ დუშეთის ნომერ პირველ საბავშვო ბაღში და კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო გზის, ასევე დაბა ფასანაურში სპორტ დარბაზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები პირადად დაათვალიერა და ადგილზე დასაქმებულ პირებს გაესაუბრა. დუშეთში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე 295 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.შეიცვლება დაზიანებული წყალარინის სისტემა, მოეწყობა ბორდიურები და ტროტუარები.სამუშაოებს ასრულებს შპს „საგზაო 7“,აღნიშნული სამუშაოები კეთდება რეგ.ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით. გამოყოფილი თანხა – 239 200 ლარია. ახალი სასწავლო წლიდან დუშეთის ნომერ პირველი საბავშვო ბაღი ბავშვებს ახლად რეაბილიტირებული დახვდებათ.კეთილმოეწყობა ბაღის ეზოც,იცვლება შიდა ელექტრო გაყვანილობა, ცხელი წყლის მომარაგების კვანძი (გათბობის სისტემა). საბავშვო ბაღის ეზო შემოიღობება,გაკეთდება ფანჩატურები, მოედნები, ბილიკები, დაიდგმება სკამები და დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები.აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებს შპს „პარმაღი“.სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს რეგ.ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.გამოყოფილი თანხა – 640 000 ლარია. დაბა ფასანაურს განახლებული სპორტ დარბაზი ექნება, შენობაში როგორც გარე ასევე შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს,ასევე იგეგმება საკანალიზაციო სისტემის, გათბობის,ვენტილაციის მოწყობა. კეთდება სველი წერტილები. იცვლება კარ-ფანჯარა.სამუშაოებს აწარმოებს შპს „ნიკონი“.თანხა – 238 498, ლარი და 90 თეთრია. სამუშაოების დასრულების ვადა 2020 წლის სექტემბერია. გუბერნატორი დღეს ასევე იმყოფებოდა გუდამაყარში,სადაც ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით ბაკურხევის და ფახვინჯის მიმართულებით გზას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.ნაწილი გზის სამუშაოების უკვე დასრულებულია,შედეგად მოქალაქეებისთვის ავტომობილით გადაადგილება გაცილებით კომფორტული გახდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა შალვა კერესელიძემ დაათვალიერა
18/06/2020