საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც, სპეციალური სტუმრის სტატუსით, პანელურ დისკუსიაში-„აღმოსავლეთ პარტნიორობა-წარმატება თუ მარცხი?“ მიიღო მონაწილეობა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა. დავით უსუფაშვილის შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა წარმატებული და ეფექტურია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმ წარმატებებზეც ისაუბრა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია და აღნიშნა, რომ ევროპამ ქართველებს კარი გაუღო. მისივე განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ყველა ქვეყანას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წამოიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი და წვლილი შეიტანა მის განვითარებაში. ჩვენი გადმოსახედიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ძალიან წარმატებული და ეფექტური გამოდგა. ჩვენ მივაღწიეთ თითქმის ყველა იმ მიზანს, რაც დასახული გვქონდა აღნიშნული პროექტის ფარგლებში. ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, რომლის პოზიტიურ ეფექტსაც უკვე ვგრძნობთ. ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით სერიოზულ წარმატებას მივაღწიეთ, ევროპამ თავისი კარი გახსნა ქართველებისთვის. ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა, რომლის მიერ განხორციელებული, საკმაოდ მაღალი ხარისხის სამუშაო-რეკომენდაციები, კითხვები, კრიტიკა-ქვეყნის განვითარებაზე სასარგებლოდ აისახება. თვალსაჩინოა ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ყველა ქვეყანას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დისკუსიაში მონაწილეობისას.