პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-დან, ცნობილი Silicon Valley-იდან მოწვეულ ექსპერტებს შეხვდა, რომლებმაც სამთავრობო პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების გამარჯვებულთა შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღეს.
მოგვიანებით, პირველმა ვიცე-პრემიერმა გამარჯვებული პროექტების ავტორთა დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო და აღნიშნული პროგრამის მიმდინარეობა და შედეგები მედიასთან შეაფასა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კონკურსმა გამოავლინა ის დამწყები კომპანიები, რომელთაც მსოფლიო ბაზარზე გასვლის პოტენციალი აქვთ. მისი თქმით, პროექტების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იყო და ის გადაიცემოდა Facebook-ისა და Youtube-ის მეშვეობით ონლაინ-რეჟიმში.
პროექტების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზატორებმა მოიწვიეს ექსპერტები პრაქტიკულად მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, ცნობილი Silicon Valley-იდან, რომელთაც მსგავსი მაღალტექნოლოგიური პროექტების შეფასების ცოდნა და გამოცდილება ჰქონდათ. მათ უნდა გამოევლინათ, თუ რომელი იდეა იყო ინოვაციური და გააჩნდა მსოფლიო მასშტაბით კომერციალიზაციის პოტენციალი.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ მეშვეობით საფუძველი ჩაეყარა ახალ კომპანიებს, რომლებიც სამომავლოდ მსხვილ ინოვაციურ ფირმებად გარდაიქმებიან. თუმცა, მისი განცხადებით, ამით არც პროგრამა სრულდება და არც ურთიერთობა გამარჯვებულ კომპანიებთან. შედგომი სამი თვის განმავლობაში კომპანიები დამატებით ტრენინგსა და მხარდაჭერას მიიღებენ. ასევე ისარგებლებენ თბილისის ტექნოპარკის ყველა არსებული სერვისით. ასევე გათვალისწინებულია მათი შეხვედრები Silicon Valley-ში ინვესტორებთან, რათა მათ შეძლონ კაპიტალის მოზიდვა დამწყები ინოვაციური ბიზნესების განვითარებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების გამარჯვებულთა შერჩევის პროცესში მონაწილე უცხოელი ექსპერტები თავადაც ინვესტორები არიან, ამჯერად, მათ საქართველოში საქმიანობის სხვა მანდატი ჰქონდათ. ისინი პროგრამის ორგანიზატორებს სწორი იდეების შერჩევასა და მათ განხორციელებაში ეხმარებოდნენ.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მივიღეთ ჩვენი მოწვეული ექსპერტებისგან არის ის, რომ ვართ აბსოლუტურად სწორ გზაზე, რაც აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს, ახალ სამუშაო ადგილებს და საქართველოს დამატებით პოპულარიზაციას“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან მაგალითად მოიყვანა ცნობილი Skype-ს პროექტი, რომელიც ესტონეთში მომზადდა და ამით მან ბალტიის ამ ქვეყნის დამატებით პოპულარიზებას შეუწყო ხელი. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბევრია ისეთი მაგალითი, როდესაც პატარა ქვეყნებში წარმოქმნილი იდეები და კომპანიები ვითარდება, ხდება წარმატებული, რაც მოგვიანებით აღნიშნული ქვეყნების პოპულარიზებას მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობს.
პროგრამის ფარგლებში მიღებული 150 განაცხადიდან 51 საუკეთესო შეირჩა, საიდანაც დღეს გამარჯვებულად 20 პროექტი დასახელდა. სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ 5 პროექტი შეარჩია, რომელთა ავტორებს საჩუქრად სლოვაკეთში ერთკვირიანი უფასო სტაჟირების პროგრამის სერტიფიკატები გადაეცათ.
მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რობოტიკა, ნახევარგამტარები და ტელეკომუნიკაცია.
დიმიტრი ქუმსიშვილმა „სტარტაპ საქართველოს“ შედეგები შეაფასა
26/08/2016