დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქაერონავიგაციის“ თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა

05/04/2016

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა. საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის მშენებლობა 2014 წლის ივლისში დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დასრულდება. ახალ შენობაში ესპანური კომპანია „INDRA“ მიერ წარმოებული საჰაერო მოძრაობის ავტომატიზირებული მართვის სისტემა დამონტაჟდება.
ახალი ტექნოლოგიების დანერგვა არსებული ინფრასტრუქტურის სრულ შეცვლას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ძირითადი საქმიანობის – ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლას.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და მოთხოვნების შესაბამისად შენდება. საჰაერო მოძრაობის მართვის თანამედროვე ცენტრი საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობასაც გაზრდის და კომპანიას შესაძლებლობა ექნება, მაღალი დონის სანავიგაციო მომსახურება უფრო მეტ უცხოურ ავიაკომპანიას გაუწიოს. პროექტის საერთო ღირებულება 23 მილიონ ლარზე მეტია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0