საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ეკონომიკური ზრდის, დასაქმების, პროდუქციის მოცულობისა და ტურიზმის სფეროში მიმდინარე ზრდის მაჩვენებლები გააცნო. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ზრდა არის დაფიქსირებული, პრაქტიკულად, ეკონომიკის ყველა მიმართულებით.
„2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ბიზნესსექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა გაზრდილია 5.9%-ით, რაც რაოდენობრივად 577 ათას ადამიანს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში ბიზნესსექტორმა დამატებით 32 257 ადამიანი დაასაქმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მოცულობის ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,0%-ით გაიზარდა და 6,5 მილიარდ ლარს შეადგენს“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ასევე 15,4%-ით არის გაზრდილი ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა და 12,8 მილიარდ ლარს შეადგენს.
„რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, 2016 წლის პირველ 4 თვეში, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 2,8% შეადგინა და ჩვენ ველოდებით, რომ ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. 2016 წლის აპრილში ეკონომიკური ზრდა 4,3% იყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის 5 თვეში საგადასახადო შემოსავლებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.3%-ით გადააჭარბა, ხოლო 2016 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვამ 3 834,4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 37,8%-ია და 247,4 მლნ ლარით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“ – აღნიშნა მინისტრმა.
დიმიტრი ქუმსიშვილი ჟურნალისტებს ტურიზმის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებაც ესაუბრა. „ამ თემაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადებები და კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ 5 თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 2,119,275 შეადგინა, ზრდა კი 15.3%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობაა 782,814, რაც 18.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების მაჩვენებლებზე ისაუბრა
07/06/2016