დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინური სასურსათო კორპორაციის პრეზიდენტს შეხვდა

26/07/2016

საქართველოში წარმოებული აგროსამრეწველო პროდუქციის ჩინეთში დისტრიბუციის შესაძლებლობებზე ისაუბრა საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილი ჩინური კორპორაციის „Er Shang Group“-ის პრეზიდენტთან სუნ ჯის შეხვედრისას, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე საქართველო–ჩინეთის ბიზნეს–ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები ქეთევან ბოჭორიშვილი და ლევან დავითაშვილი. აგრეთვე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური და ქართველი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, რომლის კომპანიამ „შილდა თრეიდმა“ ჩინურ კორპორაციასთან „Beijing Er Shang“ ბიზნეს–ფორუმის მსვლელობისას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
შეხვედრაზე პირველმა ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ხელსაყრელ ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატზე, რომელიც აისახა კიდეც საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგებში. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელები საქართველოში მოიპატიჟა საქართველოს საწარმოო შესაძლებლობების ადგილზე შესასწავლად.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორპორაციას „Er Shang Group“-ს, რომელიც ჩინეთში თავად არის სურსათის ერთერთი უმსხვილესი მწარმოებელი, გადამამუშავებელი და დისტრიბუტორი, დიდი ინტერესი აქვს საქართველოსთან ითანამშრომლოს. მათ შორის, ქართული ღვინის „Er Shang Group“-ის მფლობელობაში არსებული სარეალიზაციო ქსელის მეშვეობით. თუმცა ღვინის გარდა, ჩინური კორპორაცია სხვა ქართული აგროსამრეწველო პროდუქციითაც ინტერესდება.
შანხაის ბიზნეს–ფორუმმა, რომელიც 27 ივლისსაც გაგრძელდება, თავი მოუყარა ჩინეთის, განსაკუთრებით კი, შანხაის პროვინციაში მომუშავე 100–ზე მეტი მსხვილი კორპორაციის წარმომადგენელს. მათთვის პრეზენტაციები გააკეთეს საქართველოს 5 მინისტრის მოადგილეებმა, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებმა და სახელმწიფო და კერძო საინვესტიციო ფონდების დირექტორებმა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0