საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს ასეტ ისეკეშევს შეხვდა.
შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახეთის პრემიერ–მინისტრს მიუსამძიმრა ქალაქ აქტობეში მომხდარის გამო და დაღუპულთა ოჯახებს და მთელ ყაზახ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
მხარეებმა განიხილეს საქართველო–ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ყურადღება გაამახვილეს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა შემდგომი განვითარებაც დადებითად აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
მინისტრებმა უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭეს ორ ქვეყანას შორის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის ჩატარებას, რომელიც 10 ივნისს იგეგმება.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მოლაპარაკება ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი იყო. მხარეები შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყო გადაუჭრელი. ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს შორის დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა შეთანხმება საქართველოს ვალის საკითხზე ყაზახეთთან მიმართებაში. მხარეები შეთანხმდნენ მექანიზმზე და დასარიცხ პროცენტზე.
აღინიშნა, რომ სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიზნით ყაზახური მხარე გეგმავს ცვლილებებს, რათა მულტიმოდალური გადაზიდვების მიმართულებით ტრანსკასპიური დერეფანი (საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით) კიდევ უფრო კონკურენტული და მიმზიდველი იყოს პოტენციური გადამზიდავებისთვის.
ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრის, ასეტ ისეკეშევის განცხადებით, აღნიშნული სატრანზიტო მიმართულების განვითარება სერიოზული ბიძგის მომცემი იქნება როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ისე დერეფნის ქვეყნებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის, ვაჭრობის განვითარების, ინვესტიციების წახალისებისა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებში.
საქართველოს ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრი ასეტ ისეკეშევი საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის მეორე ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2016 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს შეხვდა
10/06/2016