დიმიტრი ქუმსიშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

06/05/2017

საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აღმასრულებელმა დირექტორმა, რემი რაიოქსმა (Rémy Rioux) შეხვედრაზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 50-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. როგორც ცნობილია, ახლახან, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ თბილისში გახსნა წარმომადგენლობითი ოფისი. ამ ეტაპზე AFD-სთან მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოსთვის რესურსის გამოყოფის თაობაზე ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამისა და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაციის მიმართულებით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განსაკუთრებით პერსპექტიულია პარტნიორობა ტურიზმის, კურორტების განვითარების მიმართულებით.
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0