დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სერვის-პროვაიდერი კომპანია „არვატოს“ შვილობილი კომპანიის, ,,არვატო ცეერემ საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა

12/01/2017

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სერვის-პროვაიდერი კომპანია „არვატოს“ შვილობილი კომპანიის, ,,არვატო ცეერემ საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი. კომპანია ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვეა საქმიანობს და მის მიერ ქვეყანაში 3 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, ,,არვატო ცეერემ საქართველო“ უზრუნველყოფს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ-რითეილერი კომპანიის მომხმარებლის გაყიდვებისა და ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც მომსახურების ექსპორტის მიმართულებით ერთ-ერთი საინტერესო პრეცედენტია ჩვენს ქვეყანაში. კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, დიმიტრი ქუმსიშვილმა გერმანელ ინვესტორებს მადლობა გადაუხადა იმ მაღალი დაინტერესების გამო, რომელიც „არვატომ“ საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ გამოხატა და კომპანიამ საქართველოში ოფისის გახსნისა და საქმიანობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციებისათვის, ასევე ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის, მიმზიდველი და სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნას. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ,,არვატო ცეერემ საქართველო“ ერთ-ერთი უმსხვილესი მულტინაციონალური კომპანიისთვის უზრუნველყოფს ექსპორტზე ორიენტირებულ მომსახურებას, რაც ადგილზე ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, კვალიფიციური კადრების დასაქმებას, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ფინანსთა მინისტრის თქმით, ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელსაყრელი დაბეგვრის რეჟიმი მნიშვნელოვან სტიმულს აჩენს ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებისა და ახალი პროექტების წამოწყებისთვის. „საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების შემოსვლა როგორიცაა „არვატო“ და იმ მომსახურების შემოტანა, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოში – ესაა ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი. ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით არის ძალიან ხელსაყრელი საგადასახადო პირობები და გარემო, სწორედ ეს გახდა ამ კომპანიის საქართველოში შემოსვლის ერთ-ერთი მიზეზი. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ბიზნესის მხარდაჭერა მომავალშიც მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე საგადასახადო ადმინისტრირების დონზე. მათ მაქსიმალურად გამარტივებული საგადასახადო რეჟიმის პირობებში შეუძლიათ მუშაობა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა. „არვატო“ წამყვანი საერთაშორისო სერვის-პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ბიზნეს კლიენტებს 40-მდე ქვეყანაში, 30 ენაზე უწევს მომსახურებას და კონსულტაციას ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებაში. საქართველოში საქმიანობის დაწყების მიზეზი გახდა თქვენს ქვეყანაში ბიზნესის დაწყებისთვის მიმზიდველი გარემო და კარგი შესაძლებლობები, პოლიტიკური სტაბილურობა, რა თქმა უნდა, კვალიფიციური კადრები შრომით ბაზარზე. დღეს კომპანიაში დასაქმებულია 130 ადამიანი, ხოლო მომავალი 2 წლის განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობა 500-მდე გაიზრდება,“ – განაცხადა „არვატო ცეერემ საქართველოს” დირექტორმა, მათიას მიულერმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პაკეტი, მათ შორის, საგადასახადო სფეროში განხორციელებული სტიმულირების ღონისძიებები, მიმართულია კერძო სექტორის წახალისებასა და მის გაძლიერებაზე, რამაც ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0