დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო

18/04/2016

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და სადგურ მოლითთან ახლოს მდებარე სარკინიგზო გვირაბში ძირითადი გათხრითი სამუშაოების დასრულებას დაესწრო. ვიცე-პრემიერს მეგზურობას უწევდა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე. „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს მშენებლობის მიმდინარეობა გააცნო.
დიმიტრი ქუმსიშვილმა შესრულებული სამუშაოებისთვის სს „საქართველოს რკინიგზასა“ და მის ქვეკონტრაქტორ კომპანიას მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, აღნიშნული 1115-მეტრიანი გვირაბის მშენებლობისთვის 12 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და დასაქმებული იყო 300-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელი.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება, საწყის ეტაპზე, რკინიგზის გამტარუნარიანობა 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე გაიზრდება, საბოლოო ჯამში კი, საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარინარიანობა 100 მილიონ ტონას მიაღწევს. მისი თქმით, ყოველივე ეს საქართველოს მთლიანი სატრანზიტო პოტენციალის შემავსებელი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თანმდევი ინფრასტრუქტურაა. „ყველა იმ მიმართულებით, სადაც გვაქვს ტრანზიტის გაზრდის შესაძლებლობა, უნდა მოხდეს ინვესტიციის განხორციელება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი სს „საქართველოს რკინიგზას“ 260 მილიონი შვეიცარიული ფრანკი დაუჯდება, რომელსაც ევრობონდებიდან მოზიდული სახსრებითა და საკუთარი შემოსავლებით დაფარავს.
სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამჟამად მიმდინარე მოდერნიზაციის სამუშაოები მნიშვნელოვნად გაზრდის ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე გამტარუნარიანობას. მისი თქმით, პროექტი 2019 წელს უნდა დასრულდეს, რაც პირდაპირ უკავშირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას. მამუკა ბახტაძის განცხადებით, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის ხანგრძლივობას თბილისიდან საქართველოს შავიზღვისპირეთთან – მაგალითად, ბათუმში ჩასვლის დრო 1 საათით შემცირდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0