დიმიტრი ქუმსიშვილი: „გატარებული რეფორმების შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ პატიმარმა ღირსეულად მოიხადოს სასჯელი, შემდეგ კი მოხდეს მისი რესოციალიზაცია“

08/09/2016

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში განხორციელებული რეფორმების ანგარიშს დაესწრო, რომელიც მინისტრმა კახი კახიშვილმა წარადგინა.
მოწვეულ საზოგადოებას დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით მიმართა. პირველმა ვიცე-პრემიერმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და კახი კახიშვილს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევები და ასევე ხაზგასმით აღნიშნა ყოფილი მინისტრების – სოზარ სუბარისა და გიორგი მღებრიშვილის ღვაწლი სისტემის ჩამოყალიბებაში.
”ჩემთვის დიდი პატივია, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მოგილოცოთ პროფესიული დღე. ნამდვილად, ყველაზე დიდი მონაპოვარი არის ის, რომ თქვენ საამაყო ადამიანები ბრძანდებით. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან ბევრ თქვენს თანამშრომელს მაშინ ჰქონდა დაღი და ეს დაღი არ იყო კარგი, თუმცა დღეს თქვენ ღირსეულად ემსახურებით თქვენს ქვეყანას, ემსახურებით იმას, რომ პატიმარმა ღირსეულად მოიხადოს სასჯელი და შემდეგ მოხდეს მისი რესოციალიზაცია“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის სტაბილურობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და ამ ფაქტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დაბალი კრიმინალი. „ყველამ ვიცით, რომ სამწუხაროდ, მსჯავრდებულები ხშირად სჩადიან დანაშაულს ხელმეორედ, რაც არ უწყობს ხელს კრიმინალური მდგომარეობის გამოსწორებას. თუმცა, ის პროგრამები, რომლებიც დაინერგა სამინისტროში, არის საწინდარი, რომ მსჯავრდებული ადამიანები გათავისუფლების შემდეგ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად დაბრუნდებიან, ისინი შეძლებენ შექმნან დამატებითი ღირებულება ქვეყნისთვის და საკუთარი ოჯახებისთვის. ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0