ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ მასუდ აჰმედდთან საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა განიხილა და ფონდის პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე აღინიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობა გასულ წლებში საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით. ასევე ითქვა, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა ფონდთან ახლაც წარმატებით გრძელდება.
დიმიტრი ქუმსიშვილმა მასუდ აჰმედსა და მისი დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელებს მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საქართველოში ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესის სტიმულირების მიზნით. მათ შორის, ვიცე–პრემიერმა დაასახელა 4–პუნქტიანი რეფორმის სამთავრობო გეგმა, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. მისი განცხადებით აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვნად შეცვლის როგორც ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკურ ვითარებას, ასევე ხელს შეუწყობს მეწარმეობის განვითარებას, მათ შორის, ე.წ. Startup–ების წახალისების მიზნით. როგორც ვიცე–პრემიერმა აღნიშნა, რეფორმა შეეხება ასევე მმართველობის სისტემასა და რეგიონულ პოლიტიკას. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
საქართველოს ვიცე–პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს ევროინტეგრაციის მიმართულებით და ყურადღება გაამახვილა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მნიშვნელობაზე საქართველოსა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობის მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით.
დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში IMF-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
13/03/2016