დიმიტრი ქუმსიშვილი ანხელ გურიას შეხვდა

24/10/2017

“OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ევრაზიის კვირეულის” ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნული ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ანხელ გურიას შეხვდა.
OECD საქართველოს დიდი დახმარება აღმოუჩინა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით. OECD მონაწილეობას იღებს საქართველოს ეკონომიკის „მწვანე განვითარების“ სტრატეგიის შემუშავებისა და იმპელემენტაციის პროცესში, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ხელი შეეწყობა ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვის და ქვეყნის მდგრად განვითარების პროცესს.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროცესის დაჩქარებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას, რომლის ფარგლებში ხორციელდება ძირეული სტრუქტურული და ფისკალური რეფორმები, მიმდინარეობს ძირითადი სატრანსპორტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ინერგება დუალური განათლების სისტემა, რომლის თანახმადაც აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვნად იზრდება კერძო სექტორის მონაწილეობის ხარისხი, აგრეთვე ტარდება მმართველობითი რეფორმა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესსა და რეგიონში ლიდერის პოზიციას საგადასახადო და ანტიკორუფციული მიმართულებით.
დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა OECD-ის იმ დახმარებისთვის, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია უწევს საქართველოს თანამშრომლობის 20-წლიან პერიოდში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0