დიმიტრი ქუმსიშვილმა ავსტრიის ელჩთან და კონსულთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ავსტრიის ელჩსა და საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ავსტრიის კონსული სავაჭრო საკითხებში გეორგ კარაბაჩეკი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძეც ესწრებოდნენ. ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ და დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ავსტრიის სავაჭრო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოსა და ავსტრიას შორის ექსპორტის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს, რასაც ვაჭრობის ბოლოდროინდელი მზარდი სტატისტიკაც ადასტურებს. დიმიტრი ქუმსიშვილმა ავსტრიულ მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმ პროექტებისთვის, რომელსაც ავსტრიის განვითარების ბანკი საქართველოში განახორციელებს – საუბარია ორგანული სოფლის მეურნეობისა და სამთო ტურიზმის მიმართულებებზე, რომელთა განვითარებაშიც აღნიშნული ბანკი აქტიურად არის ჩართული.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2018 წლის მაისში საქართველოს ავსტრიიდან ეწვევა წარმომადგენლობითი ბიზნესდელეგაცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს შეისწავლის.
დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის ელჩს შეხვდა
29/01/2018