დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი გრძელდება

19/05/2022

დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი გრძელდება. ამ მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, საოჯახო ტიპის სახლები გადასცა. სახლების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა დაესწრნენ. მცირე ზომის საოჯახო სახლებში დუშეთისა და მარტყოფის დიდ პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციართა ნაწილი გადავა. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა მცირე საოჯახო ტიპის სახლები დაათვალიერეს, შემდეგ კი მხარეებს შორის დონაციის აქტი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ მოაწერეს. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებული პროექტი – „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“, დიდი ზომის პანსიონატების ბენეფიციარებისთვის დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობასა და მათთვის თემზე დაფუძნებული სერვისების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ღონისძიებას ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი თამარ კურტანიძე, დუშეთის მერი მანანა ნარიმანიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0